ჯანი ინფანტინო, არსენ ვენგერი
Aa
Aa

“პროექტის გაუქმება სწორი იყო“ - ინფანტინოს მხარს არც ვენგერი უჭერს

ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ტურნირებში კერძო ინვესტიციების მოზიდვის გეგმაზე უარის თქმა აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ორგანიზაციის მთავარი ტურნირების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის, კომერციული მართვისთვის ცალკე კომპანიის შექმნას გეგმავდა, სადაც კერძო ინვესტორებს წილების შეძენის შესაძლებლობა ექნებოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფანტინო ფიფას 211 წევრ ასოციაციას თითოეულს 40 მილიონ დოლარს ჰპირდებოდა, თუ ისინი ამ პროექტს მხარს დაუჭერდნენ.

თუმცა ინიციატივას მწვავე კრიტიკა მოყვა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც უეფას 55 წევრმა ასოციაციამ ფიფას ტურნირების ბოიკოტის შესაძლებლობაზე დაიწყო საუბარი. საბოლოოდ ინფანტინო იძულებული გახდა, პროექტი სრულად გაეწვია.

ვენგერი, რომელიც 2019 წლიდან ფიფაში ფეხბურთის განვითარების, მონაცემთა ანალიზისა და ახალგაზრდული პროექტების მიმართულებას ხელმძღვანელობს, განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თავად ამ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია.

„ბოლო პერიოდში ფიფაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის განმარტება მინდა. ამ სტრატეგიულ გეგმაში არანაირად არ ვყოფილვარ ჩართული და მის შესახებ პირველად მედიის საშუალებით შევიტყვე.

პროექტის გაუქმება აბსოლუტურად აუცილებელი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მჯერა დამოუკიდებელი ფიფასი, რომელიც ფეხბურთს ერთგულებით, გამჭვირვალობითა და პატიოსნებით ემსახურება,“ — განაცხადა ვენგერმა.

უეფამ ოფიციალურ წერილში ახსენა. დოკუმენტში ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო ფიფას შესაძლო სამართლებრივი დავის დაწყებითაც ემუქრება.

სკანდალის ფონზე თანამდებობა უკვე დატოვა ინფანტინოს უფროსმა მრჩეველმა გლობალური სტრატეგიისა და მმართველობის საკითხებში, კარლოს კორდეირომ.

„ეს ფეხბურთისთვის ცუდი გარიგება იყო და მისი მომავლის იპოთეკით დატვირთვას ნიშნავდა,“ — განაცხადა კორდეირომ გადადგომისას.

ამ დროისთვის ფიფას აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები