talkSPORT: ჩეფერინი ევროპულ კლუბებს FIFA-ს წინააღმდეგ გაერთიანებას სთხოვს
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი, ვროპული კლუბების დარწმუნებას ცდილობს, რომ 2029 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა talkSPORT ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 12 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩის ფარგლებში ჩეფერინი ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდება, რომელიც პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი და ასევე European Club Association-ის (ECA) ხელმძღვანელია.
ჩეფერინის მიზანია, ევროპის წამყვანი კლუბების გაერთიანებამ, რომელიც 850-ზე მეტ კლუბს წარმოადგენს, საჯაროდ თქვას უარი FIFA-სთან თანამშრომლობაზე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საკითხში, სანამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჯანი ინფანტინო ხელმძღვანელობს.
თუმცა, ოფიციალური ბოიკოტის გამოცხადებისთვის მხოლოდ UEFA-ს ან ECA-ს პოზიცია საკმარისი არ იქნება — საბოლოო გადაწყვეტილება თავად კლუბებმა უნდა მიიღონ. ამასთან, 2029 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. ამ დრომდე უცნობია ტურნირის მასპინძელი ქვეყანა, დაფინანსების მოდელი და სპონსორები. გარდა ამისა, რამდენიმე კლუბი კვლავ ელოდება FIFA-სგან 2025 წლის ტურნირთან დაკავშირებით დაპირებული სოლიდარობის თანხების მიღებას.
talkSPORT-ის ცნობით, თავად ჩეფერინი FIFA-ს პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას არ აპირებს. ის მზად არის მხარი დაუჭიროს ნასერ ალ-ხელაიფის კანდიდატურას, თუმცა კატარული კლუბის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მსგავსი ამბიცია არ აქვს.
ამავე დროს, FIFA-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ვიქტორ მონტალიანო სახელდება, რომელიც CONCACAF-ის პრეზიდენტისა და FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებს იკავებს.