უეფა, კონკაკაფი და კაფ-ი „ფიფას პარალიზებას“ აპირებენ
რამდენიმე კონტინენტური საფეხბურთო კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს გადადგომის მოთხოვნით ფიფას პარალიზებას აპირებს.
როგორც The Times იტყობინება, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა), აზიის ფეხბურთის კონფედერაციისა (AFC) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის (კონკაკაფი) ხელმძღვანელებმა შეიმუშავეს მთელი რიგი სტრატეგიები „ფიფას პარალიზების“ მიზნით იმ შემთხვევისთვის, თუ ინფანტინო არ გადადგება და პრეზიდენტის პოსტზე კენჭს კვლავ იყრის.
ამტკიცებენ, რომ ინფანტინოს მოწინააღმდეგეები მზად არიან ბოიკოტი გამოუცხადონ ფიფას საბჭოსა და მისი კომიტეტების სხდომებს, ასევე შესაძლოა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებების რატიფიცირებაც არ მოახდინონ. გარდა ამისა, განიხილება ალტერნატიული საერთაშორისო შეჯიბრებების შექმნის შესაძლებლობა. უეფას უკვე აქვს გლობალური ერთა ლიგის პროექტი, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით 2017 წელს შემუშავდა, მაგრამ ჯერ არ განხორციელებულა.
The Times-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა:
„ყველა გადაჭრით მოითხოვს მის წასვლას, და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ. ეს მომავალ საერთაშორისო შეჯიბრებებსაც ეხება. ვისთან ერჩივნებოდათ თამაში სამხრეთამერიკულ ნაკრებებს – საფრანგეთთან და ესპანეთთან, თუ ლიბანთან ან ჯიბუტისთან?
ყველა ძალიან მტკიცედაა განწყობილი, ახლა უკან დასახევი გზა აღარ არსებობს“.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა ფიფას გეგმების შესახებ, შექმნას FIFA Forward Enterprise (FFE) — ახალი კომერციული სტრუქტურა ტურნირის ტრანსლირებისა თუ სხვა კომერციული უფლებების გასაყიდად. მოგვიანებით ინფანტინომ ამ იდეაზე უარის თქმა გადაწყვიტა საფეხბურთო კონფედერაციების კრიტიკისა და უეფას წევრი ქვეყნების მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მუქარის ფონზე.