„ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს“ - სკალონი ესპანეთის ნაკრებზე
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ფინალის წინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ისე ვემზადებით, როგორც თითოეული სხვა მატჩისთვის. გვინდა, რომ ყველაფერი ჩვენი სცენარით წარიმართოს. ვაანალიზებთ მეტოქის თამაშს. მოსაგებად ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.
ვფიქრობ, მზადება კარგად მიმდინარეობს, თუმცა არსებობს დეტალები, რომელთა გაუმჯობესებაც ყოველთვის შეიძლება. მეტოქეებმა კარგად იციან, როგორ თამაშობს არგენტინა. ამიტომ კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ისევ ფინალში მოვახერხეთ გასვლა. შევეცდებით, ეს ფინალიც მოვიგოთ.
შეუძლებელია, რომ ის, რასაც არგენტინელი ხალხი განიცდის, ჩვენს ფეხბურთელებზე არ აისახოს. ამ ხალხისთვის ვთამაშობთ და მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს - ტელევიზორის წინ სხვადასხვა კლუბის გულშემატკივრები სხედან და ერთმანეთს ეხუტებიან.
ორივე გუნდი [ესპანეთი და არგენტინა] საკუთარ თამაშს ბურთის ფლობაზე აწყობს. არსებობს ნიუანსები და განსხვავებები, მაგრამ მსგავსება გაცილებით მეტია. სავარაუდო მეტოქეების თამაშს დეკემბრიდან ვაანალიზებთ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთს სხვებზე მეტად ვაკვირდებოდით. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს.
ფინალში გასვლა ისე, როგორც ეს ლეო მესიმ მოახერხა, 39 წლის ასაკში, უბრალოდ წარმოუდგენელია. უნდა დავაფასოთ ის, რასაც მესი აკეთებს, როგორ ისტორიას წერს და როგორი ლეგენდარულია.
ფეხბურთელების ამ ჯგუფმა შესანიშნავი წლები გვაჩუქა. სამწვრთნელო შტაბის წევრები მათი მადლიერები ვართ. წლების განმავლობაში ამ დონის შენარჩუნება მარტივი არაა. იმედია, ფინალში გავიმარჯვებთ, მაგრამ მთელი ეს გზა შესანიშნავი და ყველასათვის სამაგალითო იყო“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა-ესპანეთის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.