ყველაზე მეტად ჩვენი გუნდი ვითარდება | ჯინჯოლავა ფლორას გამოთიშვის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“-ის მეტოქე „ფლორა“ გახლდათ. Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონმა პირველი შეხვედრა სტუმრად 3:2 მოიგო, განმეორებითი მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა და ქართულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 5:4 იმარჯვა.
საპასუხო მატჩის შემდეგ „იბერიას“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა: „მეორე ტაიმში ჩავარდნა გვქონდა. ეს პრობლემაა და ამაზე აშკარად სამუშაოა, მაგრამ დღეს დამტკიცდა, რომ ფეხბურთში არ არსებობს გუნდი, რომელიც შეიძლება ჩამოწერო, თუნდაც მოგებული მატჩის შემდეგ გახვიდე და მარტივად მოუგო. საფეხბურთო კუთხით ყველა ქვეყანა ვითარდება და ყველა ქვეყანას ფეხბურთის თამაშის პრეტენზია აქვს. დღეს მარტივი თამაში არ იყო, მაგრამ რა შეცდომებიც დავუშვით, ამაზე ვიმუშავებთ და ვეცდებით, რომ იგივე არ განმეორდეს.
ფაქტია, რომ ყველაზე მეტად ჩვენი გუნდი ვითარდება [შედარებას სხვა ქართულ კლუბებთან აკეთებს]. 7 წელია, სხვა გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი არ გაუვლია. „იბერია“ ყოველწლიურად ვითარდება. 7 წლის წინაც ჩვენ დავძლიეთ ეს ეტაპი, მაშინ ცოტა არ გაგვიმართლა, „არარატთან'' მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, წელს უფრო მეტი შანსი გვაქვს, რადგან ახლა კონფერენსლიგაც არსებობს. იმ გუნდზე [გიორგი ჭიაბრიშვილის ფორმაციის გუნდს გულისხმობს, მაშინ „იბერიას'' „საბურთალო'' ერქვა] არანაკლები შემადგენლობა გვყავს დღეს. ასე რომ, ვეცდებით, ჯგუფში შევიდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა. ბოლოს ეს 2019-20 წლების სეზონში „იბერია 1999“-მა გააკეთა, რომელსაც მაშინ „საბურთალო“ ერქვა. „საბურთალომ“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფი“ დაამარცხა, რის შემდეგაც ზაგრების „დინამოსთან“ წააგო.