პირველად 2019 წლის შემდეგ | იბერია 1999-მა ფლორა დაამარცხა და მეორე ეტაპზეა
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“-ის მეტოქე „ფლორა“ გახლდათ. Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონმა პირველი შეხვედრა სტუმრად 3:2 მოიგო, განმეორებითი მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა და ქართულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 5:4 იმარჯვა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა კარგად დაიწყო და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. გიორგი კუციას ჩაწოდების შემდეგ ნიკა სიხარულაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და „იბერია 1999“ დააწინაურა.
36-ე წუთზე სიხარულაშვილმა დუბლი გაიფორმა. ზვიდა ნაჭყებიას კარგი გადაცემის შემდეგ ნიკამ დასწრებაზე ითამაშა და საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუტანა — 2:0.
მეორე ტაიმში ნაჭყებიამ ლამაზი ბურთი შეაგდო. „იბერია 1999“-ის ფეხბურთელი ფლანგიდან შეიჭრა და შორიდან დაარტყა. სამწუხაროდ, მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
69-ე წუთზე „ფლორამ“ ჩამორჩენა შეამცირა. რაუნო ალიკუს პასით ტონი ვარიუნდმა ისარგებლა და ესტონელებს შანსი შეუნარჩუნა.
84-ე წუთზე „იბერია 1999“-ის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც რაუნო საპინენმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა — 2:2. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „იბერია 1999“-მა მიზანს მიაღწია.
ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა. ბოლოს ეს 2019-20 წლების სეზონში, „იბერია 1999“-მა გააკეთა, რომელსაც მაშინ „საბურთალო“ ერქვა. „საბურთალომ“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფი“ დაამარცხა, რის შემდეგაც ზაგრების „დინამოსთან“ წააგო.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს — იაია ტურე.