„ბრაზილიელ ხალხს ბოდიშს ვუხდით“ - მარკინიოსი პასუხისმგებლობას იღებს
ნებისმიერი მარცხის შემდეგ, გუნდის კაპიტანს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება და ბუნებრივია, ბრაზილიის ნაკრების გუნდისთავი მარკინიოსი ნორვეგიელებთან განცდილი მარცხის გამო, უზომოდ გულდაწყვეტილი იყო. საკლუბო დონეზე „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად წარმატებებს მიჩვეულ 32 წლის ცენტრალურ მცველს ძალიან გაუჭირდა მსოფლიოს ჩემპიონატის ასეთ ადრეულ ეტაპზე დასრულება, რაც მის მიერ გაკეთებული კომენტარიდანაც ნათლად ჩანს.
მარკინიოსი
ახლა ის დროა ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღოთ. მე როგორც კაპიტანს და ასევე სხვა გამოცდილ მოთამაშეებს ამის ვალდებულება გვაქვს საიმისოდ, რათა ახალმა თაობამ შემდეგი ციკლი მშვიდად დაიწყოს. თითქოს ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ყველაზე ეფექტურები უნდა ვყოფილიყავით, გულშემატკივრებს იმედები გავუცრუეთ.
ეს მარცხი გაკვეთილად უნდა მივიღოთ და ბრაზილიელ ხალხს პატიება ვთხოვოთ. ქომაგებს ვთხოვ, კრიტიკის ნაცვლად სელესაოს მხარი მაქსიმალურად დაუჭირონ, რათა გუნდმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მოახდინოს პროგრესირება და მომდევნო მუნდიალზე უკეთესად იასპარეზოს. მუნდიალი ასეთი ტურნირია - ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვინც მომენტებს იყენებს, მომდევნო ეტაპზე ის გადის. ჩვენ კი, მომენტებიც გვქონდა და პირველ ტაიმში პენალტიც ვერ გამოვიყენეთ.
ცნობისათვის, მარკინიოსის მიერ ნახსენები პენალტი პირველ ტაიმში მატეუშ კუნიამ გამოიმუშავა და ბრუნო გიმარაეშმა ვერ გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა 1986 წლის შემდეგ, როდესაც ბრაზილიელებმა თამაშიდან 11-მეტრიანი ვერ გაიტანეს - 40 წლის წინ, პენალტი ფრანგებთან მატჩში ზიკომ გააფუჭა.