მძევლად ქცეული ლეგენდა - დი სტეფანო რევოლუციონერების ტყვეობაში
1963 წელს ესპანელი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს ფავორიტი გუნდი, მადრიდის „რეალი“, რომელმაც 1956-60 წლებში ჩემპიონთა თასი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო, ვენესუელაში ჩავიდა. ტურნეში „ბლანკოსი“ ვარსკვლავური შემადგენლობით იყო ჩასული: ამანსიო, პუშკაში, ევარისტო, ხენტო.... მთავარი ყურადღება კი ალფრედო დი სტეფანოსადმი იყო მიპყრობილი.
სწორედ „ქერა ისარზე“ შეჩერდა ვენესუელელი რევოლუციონერების არჩევანი, როცა ისინი მთელი მსოფლიოსთვის საკუთარი პრობლემების გაცნობის გზებს ეძებდნენ.

დი სტეფანომ და „რეალმა“ პირველ მატჩში „პორტუს“ მოუგეს. მეორე მატჩში კი ალფრედოს არ უთამაშია, „რეალმა“ კი „სან პაულუსთან“ წააგო. 37 წლის ფეხბურთელი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მაშინ როდესაც „ბლანკოსის“ სხვა ფეხბურთელები კარაკასის ღამის ცხოვრებას ეცნობოდნენ, ის სასტუმროში დარჩა.
გატაცება
დილის 6 საათზე სასტუმრო Potomac-თან შავი ავტომობილი გაჩერდა. ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმროში შევიდა, ერთ-ერთმა კი პოლიციელის ჟეტონი ამოიღო და დი სტეფანოს ადგილსამყოფელი იკითხა. ადმინისტრატორმა ფეხბურთელს დაურეკა, დი სტეფანოს კი ეს ღამის კლუბიდან დაბრუნებული თანაგუნდელების ხუმრობა ეგონა - „თუ რამე უნდათ, ამოვიდნენ“.
ახალგაზრდა მამაკაცები ფეხბურთელის ნომერში ავიდნენ, საბუთები წარუდგინეს, ნარკოტიკებით ვაჭრობა ახსენეს და განყოფილებაში წაყოლა სთხოვეს - „მხოლოდ რამდენიმე ფორმალური კითხვა გვაქვს, ბიუროკრატიული პროცედურაა, 5 წუთში დაგაბრუნებთ“.

მანქანაში დი სტეფანოს თვალები აუხვიეს და მან ყველაფერი მხოლოდ მაშინ გაიაზრა:
- ეს დაპატიმრებაა?
- არა, ეს პოლიტიკური აქციაა. ნუ ღელავთ, არაფერს დაგიშავებთ. უბრალოდ გვსურს, რომ პრესამ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეიტყოს. ცოტახანს შეგაყოვნებთ, ხმაურს ავტეხთ, შემდეგ კი უვნებელს გაგათავისუფლებთ.
- მე სპორტსმენი ვარ, და არა პოლიტიკოსი, გამიშვით.
- სენიორ, გთხოვთ, ნუ გვანერვიულებთ.
მანქანა ნახევარი საათის განმავლობაში კარაკასის ცარიელ ქუჩებში დადიოდა, შემდეგ კი კონსპირაციულ ბინასთან გაჩერდა. აქ დი სტეფანოს რძიანი ყავა და ფორთოხლის წვენი დაალევინეს, მისცეს რამდენიმე კოლოფი სიგარეტი და სხვა მანქანაში გადასვეს. მომდევნო გაჩერება კიდევ ერთი ბინა იყო: პატარა ოთახი ფანჯრებისა და საწოლის გარეშე, კუთხეში მხოლოდ დივანი იდგა.
„ქერა ისარი“ ეროვნულ-განმათავისუფლებელი შეიარაღებული ძალების (Fuerzas Armadas de Liberación Nacional, FALN) ტერორისტებმა გაიტაცეს. ეს იყო მემარცხენე შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც რომულო ბეტანკურის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. ერთი წლით ადრე კომუნისტებმა ფლოტზე აჯანყების მოწყობა სცადეს, ბეტანკურმა კი რეპრესიები გააძლიერა და ყველა კომუნისტი დეპუტატი დააკავა. კომუნისტური პარტია იატაკქვეშეთში გადავიდა. FALN-ს ბრალად ედებოდა მილსადენების აფეთქება, პოლიციელების გატაცება და პრეზიდენტის ლიკვიდაციის მცდელობა.
ტყვეობა
„მთელი დღე მეგონა, რომ მომკლავდნენ“, - იხსენებდა ავტობიოგრაფიაში „ქერა ისარი“. საღამოს მის ოთახში ახალგაზრდა კაცი შევიდა. „მე მაქსიმო კანალესი ვარ“, - ასე წარუდგინა დი სტეფანოს თავი 20 წლის რევოლუციონერმა, პოლ დელ რიომ. მომდევნო 70 საათი დი სტეფანომ და დელ რიომ ერთად გაატარეს. რევოლუციონერების ლიდერი და „რეალის“ ლეგენდა დომინოს შაშსა და ჭადრაკს თამაშობდნენ - პრესაში შესაბამისი ფოტოებიც გავრცელდა.

„ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ. გვინდა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ვინ ვართ და რას ვითხოვთ. ჩვენს ქვეყანას დიდი სახელმწიფოები იყენებენ, აქ მხოლოდ ჩვენი ნავთობი აინტერესებთ“, - უხსნიდა დელ რიო ფეხბურთელს.
ცნობილი ადამიანის გატაცების იდეა FALN-მა კუბელი რევოლუციონერებისგან გადაიღო. 1958 წელს კუბელებმა ცნობილი არგენტინელი მრბოლელი, მანუელ ფანხიო გაიტაცეს. პოლიციამ ფანხიო ვერ იპოვა, ერთ დღეში კი ის გამტაცებლებმა გაათავისუფლეს. მათი მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ არგენტინის პრეზიდენტი ფულხენსიო ბატისტა ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებდა.
ვენესუელელ ტერორისტებს თავდაპირველად კომპოზიტორ იგორ სტრავინსკის გატაცება სურდათ, თუმცა შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გასტროლებზე ჩასული 80 წელს გადაცილებული სტრავინსკი ასეთ სტრესს ვერ გადაიტანდა. განიხილებოდა სანტიაგო ბერნაბეუს კანდიდატურაც, თუმცა „რეალის“ პრეზიდენტი გუნდს ვენესუელაში არ გაჰყვა.
კარაკასის პოლიციის უფროსმა მომხდარს საერთაშორისო კომუნისტური შეთქმულების ნაწილი უწოდა. დი სტეფანოს მთელი მასშტაბით ათასობით პოლიციელი ეძებდა. „რეალის“ ვარსკვლავის გატაცების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.
გათავისუფლება
სამი დღის შემდეგ დელ რიომ დი სტეფანოს გათავისუფლების ბრძანება გასცა. „უნდოდათ, სასტუმროსთან დავეტოვებინე. ვუთხარი, რომ იქ პრესა და პოლიცია იქნებოდა, და ესპანეთის საელჩოში მიყვანა ვთხოვე. საბოლოოდ ლიბერტადორესის გამზირზე მანქანიდან ჩამომსვეს. დავემშვიდობე და ბუჩქებში გადავხტი. შემდეგ გზაზე სწრაფად გადავირბინე და ტაქსი გავაჩერე“, - იხსენებდა „ქერა ისარი“.
გათავისუფლების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე ალფრედო დი სტეფანოს ხმა უკანკალებდა: „ვენესუელის პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არც გატაცების მოტივები მაინტერესებს. მთავარია, რომ ცოცხალი ვარ“ - ფეხბურთელმა დარბაზში შეკრებილ რეპორტიორებს შორის რამდენიმე გამტაცებელიც იცნო.

მომდევნო დღეს „რეალი“ „სან პაულუს“ ეთამაშებოდა. ორგანიზატორები დი სტეფანოს სთხოვდნენ, 10 წუთი მაინც ეთამაშა. ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები „ქერა ისარს“ ოვაციებით შეხვდნენ, მატჩი კი 0:0 დასრულდა.
მეორე შეხვედრა
მომდევნო წელს დი სტეფანო „ესპანიოლში“ გადავიდა, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდა „რეალში“, ჯერ მწვრთნელად, შემდეგ კი საპატიო პრეზიდენტად.
რაც შეეხება დელ რიოს, ის დააპატიმრეს და ვენესუელის მოქალაქეობა ჩამოართვეს, გათავისუფლების შემდეგ კი კუბაზე განდევნეს. 1975 წელს მან მოქალაქეობა აღიდგინა, თუმცა რევოლუციურ ბრძოლაში აღარ ჩაბმულა, ხატავდა პოლიტიკური შინაარსის მულტფილმებს, ქმნიდა ნახატებსა და ქანდაკებებს.

2005 წელს ფლორენტინო პერესმა პოლ დელ რიო „რეალის“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე დაპატიჟა. თუმცა დი სტეფანომ გამტაცებელს ხელი არ ჩამოართვა - „ჩემს ოჯახს უდიდესი ტკივილი მიაყენე, ამიტომ არაფერი გვაქვს სალაპარაკო“.