დამაჯერებელი გამარჯვება ეკვადორთან - მექსიკა 1/8 ფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატზე, მორიგ 1/16 ფინალურ მატჩში მექსიკის ნაკრები „აცტეკაზე“ ეკვადორის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა, რის შედეგადაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მექსიკელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში 22-ე წუთზე ხულიან კინიონესმა გახსნა, 31-ე წუთზე კი რაულ ხიმენესმა ეკვადორელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მექსიკა პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და შეეძლო უფრო მაღალი სხვაობაც დაეფიქსირებინა, თუმცა დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ჩრდილოამერიკელებმა გამარჯვება და მომდევნო ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.
საგულისხმოა, რომ მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე მთავარმა მსაჯმა პირზე ხელის აფარებისა და საუბრის გამო მოედნიდან პიერო ჰინკაპიე გააძევა. ეკვადორელი მცველი მიგელ ალმირონის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამის გამო წითელი ბარათი უჩვენეს.
1/8 ფინალში მექსიკის ნაკრების მეტოქე ინგლისისა და კონგოს დ.რ.-ს შორის გამარჯვებული იქნება. ამ წყვილის მატჩი დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.