“ჩვენი სახელის დაცვა გვინდოდა“ - კოკჩუ ამერიკასთან გამარჯვებაზე
მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში, მასპინძელმა, აშშ-ის ნაკრებმა თურქეთი მიიღო. სატურნირო თვალსაზრისით, ორივე გუნდისთვის მატჩი ფორმალობას წარმოადგენდა - ამერიკელებს ჯგუფში პირველი ადგილი 2 მატჩის შემდეგ უკვე გარანტირებული ჰქონდათ, თურქეთმა კი ორი მარცხის შედეგად პლეიოფში თამაშის შანსები დაკარგა.
მიუხედავად ამისა, ვინჩენცო მონტელას გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში მასპინძელი ქვეყანა 3:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მეორე გოლის ავტორმა ორკუნ კოკჩუმ კომენტარი გააკეთა.
კოკჩუ:
„ბედნიერები არ ვართ, მაგრამ ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენი სახელის დაცვა გვინდოდა. ვიცით, რომ ძალიან ხარისხიანი გუნდი გვყავს და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება გვინდოდა, რომ ამაზე უკეთესები ვართ.
ყველა ჩვენგანისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. ამ გამოცდილებიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, ბევრი ვიშრომოთ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატებზე გაცილებით დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს, რადგან სადაც არ უნდა ვითამაშოთ, ყველგან უდიდეს მხარდაჭერას გვიცხადებენ.“
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჯგუფური ეტაპის პირველი 2 ტურის მატჩი ავსტრალიასთან და პარაგვაისთან წააგო. ამერიკასთან გამარჯვება კი საკმარისი არ იყო, რადგან პარაგვაიმ 4 ქულა დაიკავა და ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა.