კაშია საკუთარ რეკორდს გამოეხმაურა
ერთი მატჩიც და გურამ კაშია ჰოლანდიის ჩემპიონატში „ვიტესის“ ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.
ქართველმა მცველმა გუშინ როტერდამის „სპარტას“ წინააღმდეგ, „ვიტესის“ ფორმით ერედივიზიეში 242-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც კლუბის რეკორდსმენ ტეო იანსენის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

კაშია ამ მიღწევას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და სპეციალური პოსტი გაავრცელა.
„ამაყი ვარ, ვიყო ამ ჩამონათვალში და ასევე ვამაყობ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწიე. ფეხბურთი ყოველთვის ჩემი ცხოვრება იყო, მისთვის კი ვშრომობდი და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი და ეს მძიმე შრომა ყოველდღიურად ფასდება.
თითქმის მთელი ჩემი კარიერა აქ, „ვიტესში“ გავატარე. 8 სეზონის განმავლობაში 8 სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად ვიმუშავე და მათგან ბევრი ვისწავლე. ამ დროის განმავლობაში თამაშების თითქმის 99% ჩავატარე, რაც გარკვეულწილად ჩემი მენტალიტეტის დამსახურებაცაა.
მადლობა „ვიტესისა“ და ჩემს გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის. თქვენი თანადგომის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი“.
„ვიტესი“ ერედივიზიეს მომდევნო ტურში სტუმრად „ალკმაარს“ 18 აპრილს შეხვდება და კაშიას რეკორდის დამყარების შანსი სწორედ ამ მატჩში მონაწილეობით შეეძლება.
გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა გასულ სეზონში 125 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.