''შახტარი'' დამარცხდა - ხოჭოლავას მიუტევებელი შეცდომა
Aa
Aa

''შახტარი'' დამარცხდა - ხოჭოლავას მიუტევებელი შეცდომა

უკრაინის პრემიერლიგაში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება. 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ნომინალური მასპინძელი დონეცკის ''შახტარი'' ხარკოვში 0:1 დამარცხდა კიევის ''დინამოსთან.'' ვიდრე გოლზე ვიტყოდეთ, 22-ე წუთზე ''დინამოს'' სახიფათო შეტევისას ''შახტარის'' ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ საჰაერო ბრძოლა წააგო და ბესედინის თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოვიდა.

 

ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ის ფაქტია, რომ ერთადერთი გოლი დავით ხოჭოლავას შეცდომას მოყვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს არაზუსტი გადაცემა შეასრულა. კიევის ''დინამოს'' 20 წლის შემტევმა ვლადიმირ შეპელევმა ვითარებით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

დავით ხოჭოლავამ ხარკოვში 90 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 25 წლის ფეხბურთელმა უკრაინულ გუნდში სადებიუტო სეზონში მე-12 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში. გასულ ტურში ხოჭოლავამ ''შახტარის'' მაისურით ''ვერესს'' სადებიუტო გოლი გაუტანა, თუმცა დღევანდელ მატჩი მისთვის ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.

უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულს ''შახტარი'' 63 ქულით ლიდერობს და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს კიევის ''დინამოს.'' ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი. პრემიერლიგის დასკვნით ტურში ''დინამო'' კიევში უმასპინძლებს პაულუ ფონსეკას ''შახტარს.'' დონეცკური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლონდონის ''არსენალში'' არსენ ვენგერის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად სახელდება. ამასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია: არსენ ვენგერის ხუთი სავარაუდო შემცვლელი

მსგავსი სიახლეები