მესი ხელშეუხებელია? – სამხრეთ აფრიკის მწვრთნელი VAR-ს აკრიტიკებს
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი უგო ბროსი მუნდიალზე VAR-ის მუშაობით უკმაყოფილოა. მექსიკასთან მატჩში მისი გუნდის ფეხბურთელი თემბა ზვანე მოედნიდან გააძევეს, არგენტინა - ალჟირის მატჩში კი ლიონელ მესიმ თამაშის წესი დაარღვია, თუმცა VAR-ი საქმეში არ ჩაერთო და მესის წითელი ბარათი არ უჩვენეს. ბროსის აზრით, VAR-ი სამართლიანად არ მუშაობს.
„მე არ მინდა, რომ მესიმ წითელი ბარათი მიიღოს, ასეთი მოთამაშე მოედანზე უნდა იყოს, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა საოცარი ფეხბურთელია ის, მაგრამ რა განსხვავებაა? ზვანეს წითელი ბარათი ზედმეტად მკაცრია. მე გადავხედე ზვანეს სიტუაციას და არ ვფიქრობ, რომ ეს წითელი ბარათი იყო. როდესაც ამას მესისთან მომხდარ ეპიზოდს ვადარებ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. ვფიქრობ, მესის შემთხვევაში მომენტი VAR-ზე საერთოდ არც გადაუმოწმებიათ, მაშინ როცა ეს ინციდენტი სპეციალურად განიხილეს.
როცა სიტუაციას უყურებ, მექსიკელი მოთამაშე ბლოკავს ჩემს მოთამაშეს, ის ბურთს არ უყურებს, უბრალოდ თემბას იჭერს. თემბა ცდილობს მის ჩამოცილებას, ხელს მხარზე ადებს და ამისთვის წითელ ბარათს და სამმატჩიან დისკვალიფიკაციას იღებს!? ვწუხვარ, მაგრამ ეს ზედმეტად მკაცრია. ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ ამით''.
„ბაფანას“ საჩივრის განხილვამდე ზვანე მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ მერვედფინალამდე ვეღარ შეძლებს, თუ სამხრეთ აფრიკა ისტორიაში პირველად მიაღწევს ამ ეტაპს.
მესის პოტენციურ წითელ ბარათთან დაკავშირებით ნედუმ ონუოჰამ, მან. სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა ისაუბრა. მისი აზრით, მესი წითელ ბარათს იმსახურებდა (ვრცლად).