ჰეთ-თრიკი ალჟირთან | მესის ისტორიული მატჩი და კლოზეს რეკორდი გამეორებულია
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინა ალჟირს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
მსოფლიოს მასშტაბით, გულშემატკივრებმა ლიონელ მესის მორიგი ისტორიული საღამო იხილეს.
ლეგენდარულმა არგენტინელმა ალჟირს ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ პირადად მოუგო.
ინტერ მაიამის სუპერვარსკვლავმა ალჟირის რბევა მე-17 წუთზე დაიწყო, როდესაც ლუკა ზიდანის კარი შორეული გასროლით აიღო. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი არგენტინამ კვლავ აქტიურად დაიწყო და მე-60 წუთზე 8 ოქროს ბურთის მფლობელმა დუბლი გაიფორმა.
76-ე წუთზე ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ აიღო ალჟირის ნაკრების კარი და მიროსლავ კლოზეს რეკორდი გაიმეორა. ლეოს მუნდიალების ისტორიაში 16 გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც ბომბარდირთა დავაში საუკეთესო შედეგია. მას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს.
შეგახსენებთ, რომ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 6 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ის ასევე გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა.
ასევე გეტყვით, რომ ლიონელმა თავისი პირველი გოლი მუნდიალზე ზუსტად 20 წლის წინ, ამ დღეს, სერბეთის ნაკრების კარში გაიტანა. არგენტინა კი მეორე ტურის მატჩს 22 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.