“ახლა მთელი ნორვეგია ბედნიერი იქნება“ - ჰოლანდი ერაყის დამარცხების შემდეგ
2026 წლის მუნდიალის პირველ ტურში ერაყი სტოლე სოლბაკენის გაწვრთნილ ნორვეგიასთან 1:4 განადგურდა.
მატჩის გმირი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც თამაშის დასრულების შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჰოლანდმა?
„ჩვენგან გამარჯვებას ელოდნენ და საბედნიეროდ, მოვიგეთ. გატანილი 2 გოლით ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, მუნდიალის სადებიუტო მატჩში საუკეთესოდ აღიარება უდიდესი სიამაყის საბაბს მაძლევს.
ახლა, ვფიქრობ, მთელი ნორვეგია ბედნიერი იქნება და იმედი მაქვს, ხალხი ამ გამარჯვებას დიდებულად აღნიშნავს.“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ერაყის კარში დუბლი შეასრულა.
ასევე გეტყვით, 25 წლის ერლინგ ჰოლანდისთვის, 27 წლის მარტინ ოდეგორისთვის, ისევე როგორც ყველა მათი თანაგუნდელისთვის, ეს მუნდიალი პირველი დიდი სანაკრებო ფორუმია.
ნორვეგია, რომელიც ამჟამად FIFA-ს რეიტინგში 31-ე ადგილზეა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ თამაშობს (1938, 1994, 1998, 2026), ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს მონაწილეობდა.