„არ გამიკვირდება 15 წამში რომ გათიშოს“ - ბისპინგი მომავალ ბრძოლაზე
ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას წინააღმდეგ მათი ბრძოლის ჩანიშვნისთანავე ქართველისთვის ცუდად მოსასმენ რეპლიკებს არ ისვროდა, თუმცა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დაძაბულობა პიკს აღწევს და UFC Freedom 250-ის მთავარი დაპირისპირების მონაწილეები ერთმანეთის გათიშვით ემუქრებიან. ვინ არის ამ ჩხუბში მისი ფავორიტი, UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა საინტერესოდ ისაუბრა და შეეცადა საკუთარი მოსაზრებები არგუმენტებით გაემყარებინა.
მაიკლ ბისპინგი
ვფიქრობ არავის გაუკვირდება, თუ ამ ბრძოლის ფავორიტად ილია თოფურიას დავასახელებ. „ელ მატადორი“ ოქტაგონში ქირურგიული სიზუსტით მოქმედებს და გიჟური ძალა აქვს. ჯასტინსაც მძიმე ხელები აქვს - ბოლოს და ბოლოს მან დასტინ პორიე გათიშა, თუმცა მსგავს რაღაცეებს თოფურია რეგულარულად აკეთებს და ამით გეიჯი ვერავის გააკვირვებს.
წარმოიდგინეთ, ილიამ ნოკაუტში გაგზავნა ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა და როდესაც ეს უკანასკნელი თოფურიას პარტერში გადაყვანას შეეცადა, „ელ მატადორმა“ ის აქეთ გააკონტროლა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და არანორმალური სიძლიერის დარტყმით ჩხუბი დაასრულა.
ჯასტინი მაგარი მებრძოლია, ყველას ძალიან გვიყვარს, თუმცა მას პედი პიმბლეტისთვის ზიანის მისაყენებლად ხუთი რაუნდი დასჭირდა. ანუ ის იმ ყველაფერს, რისი გაკეთებაც თოფურიას ერთი დარტყმით შეუძლია, 25 წუთს ანდომებს. ილია ამბობს, რომ გეიჯის 15 წამში ყბას მოტეხავს და ვინ იცის, შეიძლება ეს მართლაც ვნახოთ“.
ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯიზე ილია თოფურია ამ დრომდე პატივისცემით იყო განმსჭვალული, თუმცა მას შემდეგ, როდესაც „ჰაილაითმა“ მის ოჯახზე დაიწყო საუბარი, ილიამ განაცხადა, რომ ამ პიროვნების მიმართ პატივისცემა დაკარგა და ოქტაგონში შესვლისთანავე მის განადგურებაზე ზრუნვას დაიწყებს.