„თუ ასე მოიქცევა, საქმის ნახევარს გამიკეთებს და მალევე გავთიშავ“ - ილია გეიჯის გეგმაზე
ჯასტინ გეიჯის თქმით, ის აპირებს პირველივე წამებიდან პრესინგი მოუწყოს ილია თოფურიას. „ელ მატადორი“ კი მხოლოდ მოხარული იქნება, თუ მისი მეტოქე ოქტაგონზე ნამდვილად ასეთი გეგმით გავა.
„თუ ის მართლაც აპირებს იმის გაკეთებას, რაზეც საუბრობს - წინ წასვლას და მუდმივ პრესინგს, მაშინ მე მეტი არც არაფერი მჭირდება. ეს არის ყველაფერი, რაც მჭირდება. უბრალოდ სცადოს წინ წამოსვლა და საქმის ნახევარს უკვე ჩემ მაგივრად გააკეთებს. თუ ის წინ წამოვა, პირველ ან მეორე წუთზე დავანოკაუტებ. ის ბევრ ბრძოლაში ასე მოქმედებს და ჩარლზ ოლივეირაც იგივეს აკეთებდა - წინ მოდიოდა. მისი გეგმა ზუსტად ისეთივე იყო, როგორსაც ახლა ჯასტინი ახმოვანებს. და რა მოხდა? რამდენი დრო დამჭირდა მის დასანოკაუტებლად?
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩარლზი პარტერში ძალიან სახიფათო იყო, ჯასტინთან კი ამაზე ფიქრიც არ მომიწევს. არანაირ ზეწოლას არ განვიცდი, რადგან რომც შეძლოს ჩემი პარტერში გადაყვანა, რაც შეუძლებლად მიმაჩნია, რას გააკეთებს იქ? დამაკავებს? და რამდენი ხნით? კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია? ამიტომ ვხედავ, რომ ეს ბრძოლა ხანმოკლე იქნება.
მე კი არ ვფიქრობ - ზუსტად ვიცი: თუ ის წინ წამოსვლას შეეცდება, ორ წუთში დავანოკაუტებ. მე მისთვის ზედმეტად კარგი ვარ“,
- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა, რომელშიც მსუბუქი წონის მებრძოლები UFC-ის მოქმედ და დროებით ტიტულებს გააერთიანებენ, 14 ივნისს თეთრი სახლის მიმდებარედ ლიგის სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.