ჩვენი ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზეა | კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის XXXVI რიგით ყრილობაზე ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ეროვნული ნაკრების გამოსვლაზე.
ლევან კობიაშვილი: „მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი თამაში არ იყო ისეთი, როგორიც გვსურდა, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ყველაფერს მიზეზებს ვერ გადავაბრალებთ; სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და თითოეული ჩვენგანი საკმაოდ თვითკრიტიკულები ვართ. სირთულეების მიუხედავად, მგონია, რომ უკეთესად თამაში და უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ცხადია, რომ მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ. შესაბამისად, გვაქვს ამის სურვილი და მოლოდინი – ქვეყანაშიც ისეთი გარემოა, რომ ჩვენგან ყოველთვის წარმატებას ელოდებიან.
ყველასთვის გასაგებია, რომ წარმატება დიდ ტურნირებზე თამაშს ნიშნავს. ერთი ოცნება ყველამ ერთად ავისრულეთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გვინდა. რა თქმა უნდა, გვინდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ. მეორე ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც იქ ვიქნებით – ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ნაკრების ადგილი ხომ იქ არის. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანობით მივაღწევთ’’.
2024 წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა. თუმცა, ამავე წლის ზაფხულის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს წარუმატებელი პერიოდი დაეწყო: ერთა ლიგის B დივიზიონის ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ჩეხეთსა და უკრაინას ჩამორჩა და, ბოლოადგილოსანი ალბანეთის მსგავსად 7 ქულა დააგროვა. 2025 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ნაკრებმა ესპანეთსა და თურქეთთან შეხვედრები დათმო და, აუტსაიდერ ბულგარეთის მსგავსად მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.
სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო