„ასეთი ღრმა დაცვის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის“ | ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „ჯვაროსნების“ ფეხბურთელებმა — ლუკა ლოჩოშვილმა, საბა გოგლიჩიძემ და საბა ხარებაშვილმა მატჩი შეაფასეს და კომენტარები გააკეთეს.
ლუკა ლოჩოშვილი: „არ არის ადვილი, როდესაც მეტოქე ჩამჯდარი გეთამაშება. ბაჰრეინის მატჩები ვნახეთ. მაროკომაც, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, გოლი ბოლო წუთებზე გაუტანა. იგივე მოხდა იაპონიასთანაც. ძნელია, როდესაც მეტოქე ასეთი ღრმა დაცვით გეთამაშება.
ვფიქრობ, თამაშს ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში დაიღალნენ და უფრო მეტი მომენტი შევქმენით. ინიციატივა ჩვენს მხარეს იყო და ვფიქრობ, დაცვაში სტაბილურად ვიყავით და მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტი ჰქონდა. მატჩს დადებითად ვაფასებ, რადგან მოვიგეთ. როდესაც გუნდი ასე ღრმა დაცვას თამაშობს, გარდამტეხი გოლი გჭირდება, რომ მოწინააღმდეგე გაიხსნას და მეტი მომენტი მიიღო.
სექტემბრის თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამხანაგური თამაშები პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ. ბევრი პოზიტიური რამ იყო. ორივე მატჩში მაღალი პრესინგი ვითამაშეთ და იყო მომენტები, როდესაც ეს ძალიან კარგად გამოვიდა, იყო მომენტები, როდესაც მეტი შეგვეძლო. ბურთითაც გამოჩნდა ახალ-ახალი მონახაზები და, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, პოზიტიური მხარე დავიჭირეთ. რა თქმა უნდა, ეს კმაყოფილებას არ იწვევს და მოსამატებელი გვაქვს, რადგან სექტემბერში უფრო რთული მეტოქეები გველოდებიან“.
საბა გოგლიჩიძე: „რთულია დაცვაში ღრმად მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ გოლი გაიტანო. კარგი იქნებოდა, სწრაფი ბურთი შეგვეგდო, თამაში გაიხსნებოდა და მეტს გავიტანდით, მაგრამ ხდება ხოლმე. დღევანდელ ფეხბურთში დიდ გუნდებსაც უჭირთ ღრმა დაცვაში მოთამაშე მეტოქეების წინააღმდეგ. მთავარი რაც იყო და ყველაზე მეტად რაც მომეწონა, იყო ის, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მოთმინება შევინარჩუნეთ, ქაოსს არ ავყევით და მშვიდად გავაგრძელეთ, შემდეგ კი გოლიც გავიტანეთ. მეტიც შეიძლებოდა და მეტის სურვილსაც ტოვებდა თამაში, მაგრამ მთავარია, გავიმარჯვეთ და კარი მშრალად შევინახეთ.
დღევანდელი მატჩის დადებითი მხარე ის იყო, რომ კიდევ უფრო შევთამაშდით და ახალ თამაშს ვალაგებთ. შეკრებაზე ყველაფერი კარგადაა, ფეხბურთელები ერთიანები ვართ, რაც უმნიშვნელოვანესია. სექტემბრისთვის მზად ვართ. რუმინეთთანაც შეგვეძლო მოგება და ერთი უყურადღებობის გამო გაგვივიდა გოლი, თუმცა არა უშავს. მთავარია სექტემბრისთვის ვიყოთ მობილიზებულნი“.
საბა ხარებაშვილი: „ემოციებში ვარ, რადგან ეროვნულ ნაკრებში შანსი მომეცა და ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. სულ მინდოდა ეროვნულ ნაკრებში ძირითადში დამეწყო. რთული თამაში იყო, კარგი მეტოქე გვყავდა. ბაჰრეინი კარგი გუნდია. მათი სუსტი მხარეები გავაანალიზეთ და პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ვითარება გამოვასწორეთ. კვარას ფლანგზე თამაში მაგარი გამოცდილებაა. ძალიან დიდხანს ველოდი ამ მომენტს. ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან თამაში ორმაგი მოტივაციაა“.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საქართველოს ერთა ლიგის მატჩები ელოდება. 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან, სამი დღის შემდეგ კი უკრაინას მიიღებენ.