ცნობილია ნეიმარის ტრავმის სიმძიმე | როდის დაბრუნდება ბრაზილიელი ფეხბურთელი
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლასმარმა ნეიმარისთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგები გაასაჯაროა. ბრაზილიელ შემტევს მარჯვენა ფეხის წვივის კუნთი აწუხებს და, როგორც გაირკვა, მას მეორე ხარისხის გაწყვეტა აღმოუჩინეს.
ნეიმარის სარეაბილიტაციო პერიოდი ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება. შესაბამისად, „ნეი“ ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებს გამოტოვებს, რომლებშიც „სელესაო“ პანამასა და ეგვიპტეს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, საეჭვოა მისი პირველ ტურში, მაროკოსთან თამაშიც.
„ნეიმარს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, ბოლოს კი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს. საბოლოოდ, მას წვივის კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა. ის მკურნალობს და ველოდებით, რომ სათამაშოდ ორ-სამ კვირაში იქნება მზად. ინტენსიური მკურნალობა უტარდება და მის პროგრესს ყოველდღიურად ვაკვირდებით“, — განაცხადა ლასმარმა.
ცნობისთვის, კარლო ანჩელოტის გუნდი მუნდიალის C ჯგუფში მოხვდა. ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები მაროკო, შოტლანდია და ჰაიტი არიან.