ნეიმარი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ნეიმარს გამოკვლევები ჩაუტარდა - კლინიკა რამდენიმე საათით დაიხურა

 ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „პენტაკამპეონების“ ვარჯიშს არ ესწრებოდა „სანტოსის“ ვარსკვლავი ნეიმარი.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ 34 წლის ფორვარდი, რომელსაც მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს, ნაკრების ვარჯიშს არ ესწრებოდა. ამის ნაცვლად ნეიმარი ქალაქ ტერესოპოლისის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

„ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბი გამოკვლევების შედეგებს შეაფასებს, ნეიმარის მდგომარეობაზე დამატებით ინფორმაციას კი მხოლოდ ამის შემდეგ გავავრცელებთ“, - აღნიშნულია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ბრაზილიური მედია წერს, რომ ნეიმარის ვიზიტამდე ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე მთელი კლინიკა დაიხურა. „პენტაკამპეონებს“ სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაციის გაჟონვის პრევენცია სურთ, რისთვისაც კლინიკასთან სპეციალური შეთანხმება გაფორმდა.

„სელესაო“ კიდევ 3 დღის განმავლობაში სანაკრებო ბაზაზე ივარჯიშებს, კვირას კი „მარაკანაზე“ ამხანაგურ მატჩში პანამას დაუპირისპირდება. ამ მატჩში ნეიმარის მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია. გარდა ამისა, კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არ იქნებიან გაბრიელ მაგალაეში, გაბრიელ მარტინელი და მარკინიოსი, რომლებიც შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ.

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია. მსოფლიო ჩემპიონატამდე ბრაზილიის ნაკრები 31 მაისს პანამას, 6 ივნისს კი ეგვიპტეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც სასტარტო, არც კაპიტნობა და 10 ნომერი - ნეიმარმა ანჩელოტის პირობები მიიღო
არც სასტარტო, არც კაპიტნობა და 10 ნომერი - ნეიმარმა ანჩელოტის პირობები მიიღო