„UFC-ს ეს არ უნდოდა“ | თოფურიამ მახაჩევსა და გეიჯიზე ისაუბრა
ილია თოფურია DeepCut with VicBlends-ის იუთუბარხის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევზე ისაუბრა და ჯასტინ გეიჯისთან მოახლოებულ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.
„პირადად ჩემთვის, მასთან მიმართებით არაფერი იცვლება. ისლამ მახაჩევი არ მეზიზღება. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მან ამ სპორტში დიდ წარმატებას მიაღწია და ჩემ მსგავსად, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. ჩემი და ისლამის ჩხუბი თუ გაიმართა, ეს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ორთაბრძოლა იქნება.
თუ ეს ჩხუბი არ გაიმართა, ბედნიერი ვიქნები და საკუთარი თავით ვიამაყებ. ისლამი არ მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავით ვიამაყო. არ მგონია, მიზეზი, რის გამოც ჩვენი ჩხუბი არ გაიმართა, ისლამი ყოფილიყო. მართლა მჯერა, რომ UFC-ის არ უნდოდა ეს ორთაბრძოლა დაენიშნა.
რაც შეეხება გეიჯის, პირველი, რაც მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ, ის იყო, რომ ეკრანის წინ დავსხედით და ყველაფერს ისე შევხედეთ, თითქოს ჯასტინის გუნდი ვყოფილიყავით. საკუთარ თავს ვკითხეთ, როგორ ვურჩევდით ჯასტინს ილია თოფურიას წინააღმდეგ ბრძოლას. შევქმენით მისი სტრატეგია და სწორედ ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით ავაგეთ ჩვენივე გეგმა, რათა მას ყოველგვარი შანსი წავართვათ.
ჯასტინთან გამარჯვება ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით ჩემი ბოლო ოთხი ბრძოლის გათვალისწინებით — ვოლკანოვსკის, ჰოლოუეის, ოლივეირასა და გეიჯის ზედიზედ დანოკაუტება წარმოუდგენელი სერიაა. ძალიან მიყვარს ჯასტინის ბრძოლების ყურება — ბოლო ჩხუბს არ ვგულისხმობ, რადგან პიმბლეტთან დაპირისპირება მართლაც ძალიან, ძალიან ცუდი იყო — მაგრამ, როგორც წესი, მისი ყველა ჩხუბი სანახაობრივია და, სიმართლე გითხრათ, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ.
რეალურად, რომ მოვინდომო, დარწმუნებული ვარ, შემიძლია გეიჯი პარტერში გადავიყვანო და რაც მომესურვება, ის გავუკეთო, მაგრამ მინდა ქომაგებს შოუ ვაჩუქო. ჰოლოუეის შემთხვევაშიც ასე იყო. შემეძლო პარტერში მეკონტროლებინა და მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით დამემთავრებინა ბრძოლა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ისეთი ამაღელვებელი და სანახაობრივი, როგორიც გამოვიდა. ზუსტად იგივეს ვგეგმავ ჯასტინთანაც — ეს იქნება სუფთა ჩხუბი დგომში, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან“.
ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ გრანდიოზული ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და მას თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ამ ჩხუბს სწორედ ცარუკიანი დააზღვევს და თუ რომელიმე მებრძოლმა ოქტაგონში შესვლა ვერ შეძლო, მას შანსი მიეცემა.