კვერკველია და ჭანტურიშვილი ჩემპიონობას უახლოვდებიან
Aa
Aa

კვერკველია და ჭანტურიშვილი ჩემპიონობას უახლოვდებიან

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში იური სიომინის გაწვრთნილმა მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' RZD არენაზე ჯეფერსონ ფარფანის ერთადერთი გოლით ''როსტოვი'' დაამარცხა. სოლომონ კვერკველია ''ლოკოს'' სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და 90 წუთი ითამაშა.

ქართველი მცველის გუნდი რუსეთის პრემიერლიგას 52 ქულით ლიდერობს, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება მოსკოვის ''სპარტაკი,'' თუმცა სიომინის გუნდს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ''სპარტაკს'' კი ხუთი შეხვედრა აქვს გასამართი. ჩემპიონობის შანსი ასევე აქვთ ცსკა-ს და ''კრასნოდარს,'' რომლებიც 6 ქულით ჩამორჩებიან ''სპარტაკს.''

სოლომონ კვერკველიამ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 24 მატჩში 2 გოლი შეაგდო, ერთი გოლი ყოფილ კლუბ ყაზანის ''რუბინს'' გაუტანა, შემდეგ კი ტულას ''არსენალთან'' გამოიჩინა თავი. 26 წლის მცველმა 24 შეხვედრაში სამი ყვითელი ბარათი მიიღო.

ჩემპიონობისთვის იბრძვის სლოვაკური ტრნავას ''სპარტაკი,'' რომელმაც ფორტუნა ლიგის საუკეთესო ექვსეულის მეოთხე ტურში 1:0 დაამარცხა ბრატისლავას ''სლოვანი.'' 24 წლის ქართველმა შემტევმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ''სპარტაკის'' მაისურით სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

საუკეთესო ექვსეულში ჭანტურიშვილის გუნდი 57 ქულით პირველ ადგილზეა, 9 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ''დუნაისკა სტრედას.''

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ფორტუნა ლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. სლოვაკეთის თასზე ჭანტურიშვილმა 4 მატჩი ჩაატარა. მას ასევე უთამაშია ''ზესტაფონში,'' უკრაინულ ''ოლექსანდრიასა'' და ''ნორჩი დინამოში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები