ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„გაზვიადებული იქნება ახლა იმის თქმა, რომ ხვიჩასავით მაგარია, მაგრამ...“ - Marca-ს სტატია თორნიკე კვარაცხელიაზე

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერს და 16 წლის ტალანტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. გამოცემის ყურადღების ცენტრში უმცროსი კვარაცხელიას მიერ „ბაიერნში“ ჩატარებული საცდელი მატჩი მოქცა, სადაც გოლის გატანაც შეძლო.

რას წერია Marca-ს სტატიაში:

თორნიკეს დებიუტი 16 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ რიგებში შედგა – კლუბში, რომელმაც მისი ძმა, ხვიჩა, ჯერ კიდევ 2018 წელს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა. ის უკვე იმყოფებოდა სინჯებზე „ბაიერნში“... თუმცა, მისი დამატება 2028 წლის თებერვლამდე შეუძლებელი იქნება.

ფეხბურთში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს თვალი დედამიწის ყველაზე მივარდნილ ადგილებშიც კი მიუწვდებათ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამ ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. 2022 წელს „ნაპოლიმ“ ის ბათუმის „დინამოდან“ სრულიად უცნობი მოთამაშის სტატუსით დაიმატა, მარადონას ეპოქის შემდეგ მოპოვებული პირველი სკუდეტოსკენ გუნდის გაძღოლის შემდეგ კი, დღეს ის პსჟ-ის რიგებში „ოქროს ბურთის“ მოგების აშკარა კანდიდატად განიხილება.

ხვიჩა ჯერ კიდევ 25 წლისაა, თუმცა უკვე 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი პროფესიონალური დებიუტი თბილისის „დინამოს“ რიგებში შედგა. ახლა კი მისი ძმა, თორნიკე მიჰყვება მის კვალს... და ისიც წარუდგა მსოფლიოს თბილისის „დინამოს“ პირველი გუნდის მაისურით, რითაც კლუბის ისტორიაში მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა სულ რაღაც 16 წლის, სამი თვისა და ცხრა დღის ასაკში. უმცროსმა „კვარამ“ ეს ოთხი თვით უფროს ასაკში შეძლო.

ყურადღების მიღმა არცერთი დეტალი არ დარჩენილა და, ერთგვარი სიმბოლური ჟესტის სახით, მანაც მე-18 ნომრით ითამაშა. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მსგავსება, რაც თორნიკეს უფროს ძმასთან აკავშირებს. ისიც მარცხენა გარემარბია, რომელიც საპირისპირო ფეხით მოქმედებს და ტექნიკური მოძრაობების უმრავლესობაში საოცრად ჰგავს ხვიჩას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფეხზე მიწებებული ბურთით, ხშირი შეხებებითა და ოდნავ თავისებური მანერით მიიწევს წინ, შემდეგ კი მოულოდნელად „ამუხრუჭებს“ და მკვეთრი ცრუმოძრაობით იჭრის გზას.

მისი სითამამის ყველაზე ნათელი გამოვლინება „იბერიასთან“ სადებიუტო მატჩში ვიხილეთ — გუნდთან, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს ლიდერობს, როდესაც ჯერ მხოლოდ 13 ტურია გასული. მას მჭიდროდ მისდევს თავად თბილისის „დინამო“, რომელმაც ამ უშუალო დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ლიდერთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. თუმცა, როდესაც მატჩის ბედი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გადაწყვეტილი, თორნიკე მოედანზე შევიდა, როცა შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთზე მეტი რჩებოდა. ბურთს ის სულ რაღაც 10-ჯერ შეეხო, მაგრამ იმდენივე დრიბლინგი (3) სცადა, რამდენი პასიც (3) გააკეთა. ეს მისი, როგორც თამამი და გამწვავებაზე ორიენტირებული გარემარბის პროფილის ნათელი დასტურია... რომელიც გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო საჯარიმოს შიგნიდან მარცხენა ფეხით შესრულებული დარტყმის შემდეგ. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელს, თვალწინ ნამდვილად კარგი მისაბაძი მაგალითი ჰყავს.

ცოტამ თუ იცის, რომ თორნიკეს ასაკში, თავად ხვიჩას მიუნხენის „ბაიერნი“ აკვირდებოდა, თუმცა კლუბს მისი დამატება სრულწლოვანების მიღწევამდე არ შეეძლო... ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის. იმ დროისთვის კი, მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარით თამაშის შემდეგ, ყაზანის „რუბინს“ პსჟ-ის ამჟამინდელი ფეხბურთელი უკვე გადაბირებული ჰყავდა.

სანამ მისი სახელი ყურადღების ცენტრში მოექცეოდა, „ბაიერნი“ კვლავ გააქტიურდა. ამჯერად, თორნიკეს გამო. მეტიც, ის რამდენიმე დღით ბავარიელთა სავარჯიშო ცენტრში სინჯებზეც იმყოფებოდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც „კვარა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „პარკ დე პრენსზე“ შესრულებული დუბლითა და „ალიანც არენაზე“ გაკეთებული საგოლე გადაცემით ბრწყინავდა.

ამასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, კრისტოფ ფროინდს არ დაუმალავს, რომ თორნიკე „ბაიერნის“ ასაკობრივ გუნდებთან ერთად ვარჯიშობდა.

„იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე ის ძმასავით კარგია, გადაჭარბებული იქნებოდა, თუმცა ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ დავაკვირდებით მის განვითარებას“, – აღნიშნა ბავარიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა.

თუმცა, „ბაიერნი“ კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დადგება, რამაც თავის დროზე ხვიჩას მათ აკადემიაში გადასვლას შეუშალა ხელი. აუცილებელია, რომ ფეხბურთელი სრულწლოვანი იყოს, ამისთვის კი 2028 წლის თებერვლამდე ლოდინია საჭირო.

განსხვავება ის არის, რომ თორნიკეს სახელი უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა და, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჰგავს ის თავის ძმას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მას მსურველი გუნდების მთელი რიგი დაუდგება. „მეორე“ კვარაცხელია უკვე აქ არის.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე კვარაცხელიას თბილისის „დინამოს“ მთავარ გუნდში Crystalbet ეროვნული ლიგის გასულ ტურში, „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ ჰქონდა. ახალგაზრდა შემტევი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩრდილიდან საჭირო მომენტში გამოვიდა“ - Le Parisien ხვიჩას თამაშზე
„ჩრდილიდან საჭირო მომენტში გამოვიდა“ - Le Parisien ხვიჩას თამაშზე