მექვაბიშვილის მაგარი გოლი - კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონია
რუმინეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის ბოლოსწინა ტურში ანზორ მექვაბიშვილის უნივერსიტატ კრაიოვა საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტს, უნივერსიტატ კლუჟს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა, რითაც ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა.
ანზორ მექვაბიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. 59-ე წუთზე მექვაბიშვილმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით ანგარიში 4:0 გახადა და გოლის გარდა, მოედნის ცენტრში თავის გუნდს ულიდერა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი 65-ე წუთზე შეცვალა.
უნივერსიტატ კრაიოვამ რუმინეთის ჩემპიონობა ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა, თუმცა 21-ე საუკუნეში პირველად შეძლო ტიტულის მოგება. ამასთან, 2025/26 წლების სეზონში მექვაბიშვილის გუნდმა რუმინეთის თასიც მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონი დუბლით დაასრულა.
რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.