მოგებული ორთაბრძოლებით ლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველია | ლოჩოშვილის აღიარება
გერმანული Bayerischer Rundfunk-ის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ ნიურნბერგის ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლოა კლუბი დატოვოს და კარიერა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელოს.
„დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილისა და ფაბიო გრუბერის დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშაა. Sky-ის ექსპერტის, სიმონ ტეროდეს თქმით, ორივე მოთამაშეს კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი აქვს. კაპიტანი გრუბერი ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბის (მაინცი, გლადბახი) სამიზნეა. ასევე განიხილება მისი დაბრუნება მშობლიურ აუგსბურგში. მოგებული ორთაბრძოლებით ლოჩოშვილი ლიგის ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველია, რის გამოც მის გარშემო სატრანსფერო ჭორები მალე კიდევ უფრო გააქტიურდება'' - წერს Bayerischer Rundfunk-ის ჟურნალისტი ვიქტორ ლისტი.
გასულ კვირაში, გერმანული Club Fokus-მა Kicker-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლუკა ლოჩოშვილის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბი იჩენენ: „გადახდისუნარიანი მსურველები ნამდვილად არსებობენ. ჟურნალ Kicker-ის ხუთშაბათის ნომრის მიხედვით, ამ ძლიერი მცველით განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ, თუმცა, ვინაიდან მას კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, ნიურნბერგს თეორიულად ყველა კარტი ხელში უჭირავს, რომ სოლიდური სატრანსფერო თანხა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი არ არის ჩადებული''.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, ინტერესი ინგლისის პრემიერლიგიდან ნამდვილად არის, თუმცა კლუბები ლოჩოშვილის ტრანსფერზე სეზონის დასრულების შემდეგ გააქტიურდებიან.
27 წლის ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იტალიური კრემონეზედან შეუერთდა. ბუნდესლიგა 2-ის 33 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასევე, 32-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 31-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს. მის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.