რომელი ფეხბურთელია სერია A-სთვის მზად | ვენეციას მწვრთნელმა კვერნაძე გამოარჩია
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია A-ს საგზური მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 81 ქულა დააგროვა და მხოლოდ „ვენეციას“ ჩამორჩა, რომელმაც პირველი ადგილი 82 ქულით დაიკავა.
„ვენეციას“ მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპაა. მან Sportitalia-ს ინტერვიუ მისცა და კვერნაძე გამოარჩია. სტროპას სთხოვეს, სერია A-ში გადასული გუნდებიდან (მესამე საგზურის მფლობელის ვინაობა ჯერ უცნობია, პლეიოფი მიმდინარეობს) ის ფეხბურთელები დაესახელებინა, რომლებიც უმაღლესი დივიზიონისთვის ყველაზე მეტად არიან მზად.
„ფროზინონედან — ფარეს გეჯემისი, გიორგი კვერნაძე და ჯაკომო კალო; ჩემი გუნდიდან — კიკე პერესი, ისა დუმბია და ჯანლუკა ბუსიო“, — განაცხადა „ვენეციას“ მთავარმა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, სერია A-ში გადასვლის შანსი „მონცას“, „იუვე სტაბიას“, „პალერმოსა“ და „კატანძაროს“ აქვთ. პლეიოფის ნახევარფინალში „მონცა“ „იუვე სტაბიას“ ხვდება, ხოლო „პალერმო“ — „კატანძაროს“. რაც შეეხება კვერნაძეს, მან სერია B-ს 36 მატჩში 5 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.