მჭედლიძე ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება
იტალიური ''ემპოლის'' ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე მოედანს უბრუნდება, 28 წლის ფორვარდმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ 14 აპრილს ''პრო ვერჩელისთან'' თამაშისთვის მზად იქნება და შესაძლოა მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლევანი იანვრიდან მოყოლებული ეტაპობრივად უბრუნდება სასურველ კონდიციებს, ამჟამად კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

''ემპოლი'' უახლოეს მატჩს 7 აპრილს სტუმრად ლევან მჭედლიძის გარეშე ''სპეციასთან'' ჩაატარებს, შემდეგ კი 14 აპრილს ''პრო ვერჩელის'' უმასპინძლებს. სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი მჭედლიძის მოედანზე დაბრუნება. 22-გუნდიან ჩემპიონატში ''ემპოლი'' 66 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან ''ფროზინონეს'' 8 ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი.
ლევანის არყოფნაში ბრწყინვალე ფორმაში არიან ''ემპოლის'' ფორვარდები, რომლებიც სერია ბ-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობენ, ალფრედო კაპუტო 23 გოლით პირველ ადგილზეა, ალფრედო დონარუმა კი 18 გოლით მეორე პოზიციაზე.

ლევან მჭედლიძემ ხანგრძლივ ტრავმამდე ბოლო მატჩი სერია ა-ს გასულ სეზონში ''მილანთან'' ჩაატარა, 33-ე ტურში ელ კადურის პასით ''მილანს'' სან სიროზე გაუტანა, შეხვედრა 2017 წლის 23 აპრილს გაიმართა, ასე რომ ქართველი ფეხბურთელი ერთწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება ფეხბურთს.

ლევან მჭედლიძემ სერია ა-ში სადებიუტო სეზონი 2008-09 წლებში ჩაატარა, პირველ სეზონში ქომაგებს თავი ''იუვენტუსთან'' ჯანლუიჯი ბუფონის კარში გატანილი გამარჯვების გოლით დაამახსოვრა.
2010 წლიდან ''ემპოლისთვის'' თამაშობს, 2016-17 წლების სეზონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდისთვის კარიერაში საუკეთესო იყო, ტრავმების მიუხედავად სერია ა-ს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. ''მილანის'' გარდა გაუტანა ''კროტონეს,'' ''უდინეზესა'' და ბერგამოს ''ატალანტას,'' ხოლო ''კალიარისთან'' დუბლი შეასრულა.
