მეოთხედ მიმდინარე სეზონში | ლოჩოშვილი ტურის სიმბოლურში
ბუნდესლიგა 2-ის 33-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „შალკე“ 3:0 გაანადგურა. ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „ლოჩოს“ კარგი თამაში დაუფასდა და ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, Kicker-მა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ლოჩოშვილის გარდა, ტოპ 11-ში „ნიურნბერგის“ კიდევ ორი ფეხბურთელი — ფაბიო გრუბერი და მოჰამედ ალი ზომა მოხვდნენ. „ლოჩო“ Kicker-მა მიმდინარე სეზონში მეოთხედ გამოარჩია; „ნიურნბერგში“ ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ზემოთ ხსენებულ გრუბერს აქვს — 5.
„შალკეს“ წინააღმდეგ ლოჩოშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთს 65-ჯერ შეეხო, 40-დან 31 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 2 ვარდნა ჰქონდა, 3 ჩაჭრა შეასრულა, სახიფათო მომენტი 6-ჯერ განმუხტა, მეტოქეებს დარტყმა 2-ჯერ დაუფარა, ბურთი 10-ჯერ დაიბრუნა და 5 ორთაბრძოლა მოიგო.
ცნობისთვის, ბუნდესლიგა 2-ის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და ლოჩოშვილის „ნიურნბერგს“ უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შანსი არ აქვს. ბოლო პერიოდში დაიწერა, რომ „ლოჩოს“ გადაბირებით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან და, შესაძლოა, ქართველმა მცველმა ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.