“ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა“ - არბელოა ელ კლასიკოს წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები ელ კლასიკოს იხილავენ. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არბელოა:
„ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი — ძალიან ვამაყობ იმ სისწრაფით და გამჭვირვალობით, როგორც კლუბმა იმოქმედა. და მეორე — ფეხბურთელებმა უკვე გამოხატეს სინანული, აღიარეს შეცდომა, მიიღეს თავიანთი ქმედებების შედეგები და ბოდიში მოუხადეს გულშემატკივრებს, კლუბსა და გუნდს. ჩემთვის ეს საკმარისია.
რაც არ უნდა მოხდეს, საჯაროდ ჩემს ფეხბურთელებს ჯვარზე არ გავაკრავ, რადგან ამას არცერთი მათგანი არ იმსახურებს. არც ვალვერდე და არც ჩუამენი. იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ამდენი წლის განმავლობაში ამ კლუბისთვის გააკეთეს, რასაც გულშემატკივრის თვალით ვგრძნობდი, ამ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რაც ყოველდღიურად დამანახეს — მათი ერთგულებისთვის, შრომისთვის, ამ მაისურის სიყვარულისთვის… ამას არასდროს დავივიწყებ.
ვფიქრობ, ფედერიკო და ორელიანი ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც იდეალურად გამოხატავენ იმას, რას ნიშნავს მადრიდის რეალი. ისინი იმსახურებენ, რომ ეს ყველაფერი უკან მოიტოვონ და გააგრძელონ ბრძოლა ამ კლუბისთვის. ეს ორი ფეხბურთელი რეალთან ერთად ევროპის ჩემპიონები გახდნენ — ყველა, ვისაც ამ კლუბში უთამაშია, ამას ვერ იტყვის, და მე მათით ძალიან ვამაყობ.
არ დავუშვებ, რომ ეს სიტუაცია ჩემი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის დასაკნინებლად გამოიყენონ, რადგან ძალიან ბევრი ტყუილი ვრცელდება. ტყუილია, თითქოს ჩემი ფეხბურთელები არაპროფესიონალები არიან. ტყუილია, თითქოს ოდესმე უპატივცემულობა გამოუჩენიათ ჩემ მიმართ. აბსოლუტური სიცრუეა ისიც, თითქოს ზოგი ფეხბურთელი არ თამაშობს ჩემთან პრობლემების გამო ან იმიტომ, რომ მათი ცხოვრება არ შეესაბამება იმას, როგორი უნდა იყოს რეალ მადრიდის ფეხბურთელის ცხოვრება. ამას არ დავუშვებ, რადგან ეს სრული სიცრუეა.
პირველ რიგში, მე და ჩემი ფეხბურთელები ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ ამ სეზონმა შესაძლოა ვერ გაამართლოს ჩვენი გულშემატკივრების სპორტული მოლოდინები. მაგრამ ოთხი თვეა აქ ვარ და ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმისთვის, როგორ მიმიღეს იმ ვითარებაში, რომელიც სულაც არ იყო მარტივი, იმის გათვალისწინებით, საიდან მოვდიოდით, რადგან ამ კლუბში მოთხოვნები ძალიან მაღალია. ცხადია, ხანდახან იმედგაცრუებამ და გაბრაზებამ შეიძლება არასასურველ სიტუაციებამდე მიგვიყვანოს. მაგრამ ახლა ეს ემოციები უნდა გადავაქციოთ ენერგიად და ხვალ დიდი თამაში ჩავატაროთ. სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და მთელი ენერგიაც იქ უნდა ჩავდოთ.
ჩემი ოფისი რეალის გასახდელში არ არის. ნეტავ იქ იყოს, რომ პასუხისმგებელი ვიყო ყველაფერზე, რაც იქ ხდება და აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი შემეძლოს. თუ ამ სიტუაციიდან გამომდინარე დასკვნა ის არის, რომ მწვრთნელს ეს ყველაფერი უნდა შეეჩერებინა, ამას ვიღებ. ეს სასიამოვნო სიტუაცია არ არის და ფეხბურთელებმაც იციან, რომ შეცდომა დაუშვეს. ეს ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს. ახლა უნდა გადავფურცლოთ ეს გვერდი, ვისწავლოთ ამ ყველაფრისგან და გზა გავაგრძელოთ — თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვალ El Clásico გველოდება.
რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ორი სეზონის გატარება ტიტულის გარეშე. რეალის ფეხბურთელი რომ იყო, დიდი ამბიცია უნდა გქონდეს, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო და ყოველთვის გამარჯვება გინდოდეს. თითოეულ ფეხბურთელს ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, მათ შორის საკუთარი რეპუტაციაც. მათ ამ ემბლემის დაცვაც და მის შესაბამის დონეზე ყოფნაც უწევთ, ამიტომ ეს ნამდვილად არ არის სიტუაცია, რომლის მიღებაც ვინმესთვის მარტივია, როცა იცი, რომ მოთხოვნილ სიმაღლეზე უნდა იდგე.
იმის მცდელობა, რომ კონტექსტიდან ამოიღონ ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშის დატოვებისას იღიმის, ნიშნავს სიტუაციის გამოყენებას და ფაქტების დამახინჯებას. ეს იგივე იქნებოდა, თითქოს კარერასი „ესპანიოლთან“ მაშინ შემეყვანა, როცა თანაგუნდელი ტრავმის გამო გავიდა და რეალურად სხვა ფეხბურთელის შეცვლა იგეგმებოდა. მე მხოლოდ ალვარო კარერასზე შემიძლია ვილაპარაკო — მის პროფესიონალიზმზე და იმაზე, როგორ მექცევა ყოველთვის მე და თანაგუნდელებს, და იმაზე, რამდენად ბევრს მუშაობს. ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.
მბაპეს შემთხვევაში, რეალის ყველა გულშემატკივარმა იცის, როგორი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ აქ მოსულიყო. წინა კლუბში მას პრაქტიკულად ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბევრზე თქვა უარი, რათა თავის საოცნებო კლუბში ეთამაშა. ყველამ ვნახეთ პატარა კილიანი რეალის სპორტულ ფორმაში.
რაც მე მეხება, ვაკვირდები იმას, რას აკეთებენ ჩემი ფეხბურთელები სავარჯიშო მოედანზე. რეალის ფეხბურთელებმა, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერმა მოთამაშემ, უნდა იგრძნონ, რომ მწვრთნელს ავტორიტეტი აქვს — მნიშვნელობა არ აქვს, კონტრაქტში რამდენი წელი აქვთ დარჩენილი. საბოლოოდ, ისინი პატივს სცემენ კლუბის მწვრთნელს და ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.“
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბის ბანაკიდან არაერთმა უსიამოვნო ამბავმა გამოჟონა.
თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ მბაპე სამწვრთნელო სტაფის წევრს დაუპირისპირდა. შემდეგ რუდიგერის და კარერასის კონფლიქტი, ხოლო ბოლოს ყველაფერი ჩუამენის და ვალვერდეს ჩხუბმა დააგვირგვინა.
ცნობისთვის, მომავალი ელ კლასიკო 10 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.