რიდის 24 ქულა - ტრაბზონი თურქ ტელეკომთან დამარცხდა
თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 29-ე ტურში „ტრაბზონი“ სტუმრად „თურქ ტელეკომთან“ 9-ქულიანი სხვაობით, 72:81 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, ტრაბზონელების რიგებში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მარკის რიდმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო.
რიდმა პარკეტზე გატარებულ 31 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა ექვსიდან ერთი სამქულიანი, თოთხმეტიდან რვა ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ხუთჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 18 მოგებითა და 11 წაგებით „ტრაბზონი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფში ასპარეზობა გარანტირებული აქვს. რეგულარულ გათამაშებას მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები „მერსინთან“ საშინაო მატჩით დაასრულებენ, რომელიც 10 მაისს, თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.