ჩაკვეტაძე საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს | უოტფორდის ზედიზედ მესამე მარცხი
ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში ვესტ ბრომვიჩმა შინ უოტფორდი 3:0 დაამარცხა. უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და 62-ე წუთზე შეცვალა, საბა გოგლიჩიძე სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმისგან შორსაა და ეს დღევანდელ მატჩშიც კარგად გამოჩნდა, შეტევებს ვერ ამწვავებდა, მის აქტივში არც საკვაძო პასია და არც სახიფათო დარტყმა.
გასული სეზონის აპრილში მიღებული ტრავმის გამო მოედანს ნოემბერში დაუბრუნდა. ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ზედიზედ 28 მატჩში ითამაშა. მისი პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია, სეზონის მიწურულია და მის ანგარიშზე გოლი არაა, თუმცა აქტივში 3 საგოლე პასი აქვს.
ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში უოტფორდმა 44-დან 14 თამაში მოიგო, 15 ფრედ დაასრულა, 15 დათმო. 57 ქულით მე-15 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 13 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას ასევე 13 ქულით უსწრებს. ბოლო 5 ტურიდან 4 დათმო, ხოლო ბოლო სამი ტურიდან სამივე მატჩში დამარცხდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება. 45-ე ტურში, 25 აპრილს უოტფორდი ესტუმრება მიდლსბროს, რომელიც პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.