მისი თამაში შევისწავლე, მოძრაობა ნაადრევად უყვარს | კეინი ხორვატთა მეკარეზე
ჰარი კეინმა მუნდიალი ბრწყინვალედ დაიწყო, ოქროს ბურთის ერთ-ერთმა რეალურმა პრეტენდენტმა ხორვატიას დუბლი შეუსრულა, მე-12 წუთზე პენალტი შეაგდო, 42-ე წუთზე დეკლან რაისის საგოლე პასი გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა BBC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხორვატთა მეკარის, დომინიკ ლივაკოვის თამაში კარგად შეისწავლა და მატჩამდე კარგად იცოდა, რომ დომინიკისთვის ნაადრევი მოძრაობა დამახასიათებელია.
ჰარიმ პენალტი ორჯერ დაარტყა, პირველი მცდელობისას ლივაკოვიჩმა ბურთი მოიგერია, თუმცა ხორვატმა კარის ხაზი ნაადრევად დატოვა და ამის გამო მსაჯმა ჰარის მეორედ დაარტყმევინა, ამჯერად ინგლისელმა გაიტანა.
კეინი ლივაკოვიჩზე: „როდესაც ვიდეოებს ვუყურებდი, შევამჩნიე, რომ მას [ლივაკოვიჩს] ნაადრევად მოძრაობა უყვარს. ასე რომ, ვიცოდი — თუ დარტყმის წინ მოძრაობას შევაფერხებდი (პაუზას გავაკეთებდი), არსებობდა შანსი, ხაზიდან წინ გამოსულიყო. 80%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ხაზზე აღარ იდგა, თუმცა 100%-ით — არა. ცხადია, როდესაც პენალტი ხელახლა დავარტყი, ტექნიკა ცოტათი შევცვალე. ზუსტად ამისთვის ვაკეთებ ხოლმე წინასწარ ანალიზს და საბოლოოდ, ყველაფერმა ჩემთვის იდეალურად იმუშავა“.
ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო, პირველ ტაიმში კეინის გოლებს ზლატკო დალიჩის გუნდიდან ბატურინასა და მუსას გოლებით უპასუხეს, მეორე ტაიმში ბელინგემმა და რაშფორდმა გაიტანეს, ტომას ტუხელის გუნდმა ტურნირი 3 ქულით დაიწყო.
ინგლისის ეროვნული ნაკრები მეორე ტურში განას (24 ივნისი), მესამე ტურში - პანამას შეხვდება (28 ივნისი).