„ბევრი რამის შეცვლა სჭირდება“ - მიატოვიჩმა ვინისიუსი გააკრიტიკა
ესპანეთის ლა ლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის ლიდერი „ბარსელონა“ „რეალს“ 9 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, სამეფო გუნდი წლევანდელ სეზონს უტიტულოდ დაასრულებს. ასეთი ტრადიციებისა და ამბიციების მქონე კლუბისთვის ყოველივე ეს თუ რამხელა ტრაგედიაა, ამას ზედმეტი საუბარი არ სჭირდება. წარუმატებლობების მიზეზებზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მადრიდელთა ყოფილმა ფეხბურთელმა პრედრაგ მიატოვიჩმა კი „ბლანკოსის“ ერთ-ერთი ლიდერი ვინისიუს ჟუნიორი ღიად გააკრიტიკა.
პრედრაგ მიატოვიჩი
კილიან მბაპე „რეალში“ გადავიდა საიმისოდ, რომ გოლები გაეტანა და პრინციპში ის ზუსტად ამას აკეთებს. რაც შეეხება ვინისიუსს, მას ჰქონდა კარგი სეზონები და დიდ მატჩებში მაღალ დონეზე ასპარეზობითაც დაგვამახსოვრა თავი. თუმცა, ბრაზილიელს ბევრი რამის შეცვლა სჭირდება, პირველ რიგში კი საქმისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს. ბევრი მადანაშაულებს იმაში, რომ ვინის ზედმეტად ხშირად და მკაცრად ვაკრიტიკებ, მაგრამ ნამდვილად ვერ გავჩუმდები და ჩემი კრიტიკა მის მნიშვნელობას ამ გუნდისთვის ოდნავადაც არ აკნინებს.
„რეალს“ მოედანზე ისეთი ლიდერი არ ჰყავს, რომელიც თამაშის დროს მწვრთნელის ფუნქციებსაც შეითავსებს. საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ხშირ შემთხვევაში ლიდერი ვერ იქნება. ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში საუკეთესო იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ლიდერის ფუნქციებს საკუთარ თავზე არა ის, არამედ დიდიე დეშამი იღებდა. სამეფო კლუბს ახლა სჭირდება იეროს, რამოსისა და რაულის ტიპის მოთამაშე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელებს ეტყვის: „რა ჯანდაბას აკეთებთ, ირბინეთ და თავი დადეთ მოედანზე“.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ რამდენიმე დღის წინ მიუნხენში „ბაიერნთან“ წააგო და ორმატჩიან დუელში ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.