ხაჭაპურიძის 9 მოგერიება - საქართველოს WU19 ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან წარუმატებლად იასპარეზა. ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა უშანსოდ 0:5 წააგო.
პირველი ტაიმი განსაკუთრებით რთული გამოდგა. ჩეხებმა მიყოლებით 4 გოლი გაიტანეს. შესვენებაზე 4:0 დაფიქსირდა.
მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი გამოდგა და ჩეხებმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს. გამოსარჩევია 19-წლამდე ნაკრების მეკარე სალომე ხაჭაპურიძე, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას 9 რთული ბურთი მოიგერია.
ცნობისთვის, ჩეხებმა საქართველოს ნაკრებს 117-ჯერ შეუტიეს, ხოლო დავითაშვილის გუნდმა 31-ჯერ სცადა მეტოქე გუნდის შეწუხება.
ასევე გეტყვით, რომ ამ ფორმაციის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს გარკვეული სახის დანაკლისი აქვს. ანანო მიქაბერიძე და თეკლა ბერიძე, რომლებიც გუნდის შეუცვლელი წევრები არიან, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე არიან გამოძახებულნი და WU19-ში ამჟამად არ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველ გოგონებს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი ელით - ხორვატიასთან და აზერბაიჯანთან. შემდეგი მატჩი ხორვატიასთან 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.