მერკვილაძის 11 ქულა - ოსტენდეს სოლიდური გამარჯვება
ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 25-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „ოსტენდემ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ქართველი მოთამაშე ალექსანდრე მერკვილაძეა, სტუმრად „დენ ჰოლდერი“ 26-ქულიანი სხვაობით, 100:74 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიციები განიმტკიცა.
საქართველოს ნაკრების 24 წლის კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში 17 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. მერკვილაძემ ოთხიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ერთხელაც არ უსვრია. ალექსანდრემ ხუთივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა და ბურთი ორჯერ დაკარგა, ხოლო პერსონალური ჯარიმა საერთოდ არ მიუღია.
ცნობისათვის, 20 მოგებითა და 6 წაგებით „ოსტენდე“ გათამაშების სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში ალექსანდრე მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები 4 აპრილს, საკუთარ დარბაზში „შარლერუას“ შეხვდებიან და მატჩი თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.