შერმადინის 15 ქულა - ქართველი ყოფილ გუნდთან შედეგიანი იყო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 24-ე ტურში გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე ითამაშა. „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში გიორგის ყოფილი კლუბი, „სარაგოსა“ 23-ქულიანი სხვაობით, 99:76 დაამარცხა, 36 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მიღებული დრო ნაყოფიერად გამოიყენა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
შერმადინი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ საშუალო დისტანციიდან შვიდიდან ხუთი სროლა ჩააგდო და ხუთიდან ხუთივე საჯარიმო გამოიყენა. სამი მოხსნიდან ორი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 15 მოგებითა და 9 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კანარის კუნძულების კლუბი 1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაში „გალათასარაისთან“ ჩაატარებს, რომელიც სტარტს ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს. ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში კი გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ლეიდას“ შეხვდებიან - ეს მატჩი 5 აპრილს, თბილისის დროით 14:30 წუთზე დაიწყება.