ჩაკვეტაძე სასტარტოშია | სანიოლის რჩეული თერთმეტეული ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა: მამარდაშვილი, დვალი, ბერიაშვილი, გადრანი, აზაროვი, გიზი მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდნენ, პირველად გასულ წელს სომხეთთან თბილისურ მატჩში.
ისრაელთან გამართული მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდნენ, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ისრაელთან ტრავმის გამო შეცვალეს და ლიეტუვასთან მატჩს ამ მიზეზით გამოტოვებს. მათ ნაცვლად სასტარტოში ლაშა დვალს, ირაკლი აზაროვს, გიორგი ჩაკვეტაძესა და ზურიკო დავითაშვილს ვხედავთ.
ლიეტუვა - საქართველოს ამხანაგური მატჩი კაუნასში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, მიმდინარე შეკრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ისრაელთან 2:2 ითამაშა, კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მის აქტივში 2 ბრწყინვალე გოლია, თუმცა მეორე ტაიმში ისრაელმა თამაშზე კონტროლი მოიპოვა, გაი მიზრაჰისა და ომრი განდელმანის გოლებით გაათანაბრა.