ლიგის მატჩების ყურება უფასო გახდება? მოლაპარაკებები პერესსა და უეფას შორის
ფლორენტინო პერესი ითხოვს, რომ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება უფასო გახდეს. კერძოდ, პირველ რიგში საუბარია ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე.
Voz Populi იტყობინება, რომ „რეალის“ პრეზიდენტი უეფასთან ტურნირების ჩვენების მოდელის შეცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელი ცდილობს, ფეხბურთი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს.
როგორც მტკიცდება, ესპანურმა გუნდმა სუპერლიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა შეწყვიტა იმ პირობით, თუ ევროპული ფეხბურთის მესვეურები სატელევიზიო მოდელის განსახილველად მოლაპარაკებებს დათანხმდებოდნენ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სუპერლიგის ავტორებს სურდათ უფასო ციფრული სერვისის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემდათ, მაყურებლისთვის გადასახადის დაწესების გარეშე თამაშები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეჩვენებინათ. მონეტიზაციას კი ჩაშენებული რეკლამები უზრუნველყოფდა.
წყაროები იტყობინებიან, რომ უეფა დანებებასთან და დათმობაზე წასვლასთან ახლოსაა, თუმცა სულ ახლახან ეს სრულიად წარმოუდგენლად ჩანდა. ახლა განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე პასუხისმგებელი ერთი კომპანია იქნება.
თუმცა, ეს გეგმები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ მსხვილი ოპერატორების ინტერესებს, რომლებიც ტურნირების ჩვენების უფლებებს ფლობენ. თუ „რეალი“ და უეფა მაინც შეთანხმდებიან, ამ ბიზნესს უმძიმესი დარტყმა ელის.
ამავდროულად, სატელეკომუნიკაციო სექტორის წყაროებს ჯერჯერობით არ სჯერათ ფლორენტინო პერესის განცხადებების და მიიჩნევენ, რომ მისი რიტორიკა ხელახლა არჩევის მცდელობისას „სიტყვების ჰაერში სროლაა“.