შენგელიას 9 ქულა - ბარსელონამ სერბებს ოვერტაიმში მოუგო
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული გათამაშების 34-ე ტურში გასამარჯვებლად „ბარსელონას“ მძიმე ბრძოლის გადატანა დასჭირდა. თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები თითქმის მთელი მატჩის მანძილზე წინ იყვნენ „ცრვენა ზვეზდასთან“ შეხვედრაში, თუმცა ბოლოსკენ სერბებმა წონასწორობა აღადგინეს და ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც კატალონიელებმა 4-ქულიანი სხვაობით, 92:88 მოიგეს.
თორნიკე შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 31 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთხიდან ორი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან მისი სამივე ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა, ოთხიდან სამი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
ცნობისათვის, 20 მოგებითა და 14 წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კატალონიური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ დარბაზში „უნიკახასთან“ გამართავს, რომელიც 29 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.