რიდის 14 ქულა - ტრაბზონი კონკურენტთან დამარცხდა
თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული გათამაშების 24-ე ტურში „ტრაბზონმა“ საკუთარ დარბაზში უშუალო კონკურენტს „ბაშჩეშეჰირს“ უმასპინძლა და პრინციპული შეხვედრა ათქულიანი სხვაობით, 71:81 წააგო. მასპინძლების სასტარტოში იყო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მარკის რიდი, რომელსაც შედეგიანობის თვალსაზრისით მხოლოდ ერთმა თანაგუნდელმა აჯობა.
რიდმა პარკეტზე გატარებულ 32 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა სამიდან ერთი სამქულიანი, თერთმეტიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. 30 წლის ამერიკელმა ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ექვსჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 24 ტურის შემდეგ 16 მოგებითა და 8 წაგებით „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები ამერიკელის ყოფილ კლუბთან „ტოფაშთან“ გამართავენ და შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.