„რთულმა პერიოდებმა უფრო ძლიერი გამხადა“ - კიტეიშვილის ინტერვიუ შტურმთან
გრაცის „შტურმმა“ ოთარ კიტეიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ტრადიციული ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც ყოველწლიურად, ქართველი ფეხბურთელის იუბილეს დღეს წერს.
ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუ:
ჟურნალისტი - ოთარ, „შტურმის“ მაისურით შენი მერვე დაბადების დღეა. გრაცში გატარებული დრო ერთი წინადადებით რომ შეგეჯამებინა – როგორი იქნებოდა ის?
კიტეიშვილი - ერთი წინადადებით რომ მეთქვა: ემოციებით, გამოწვევებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე მოგზაურობა, რომელმაც როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება ჩამომაყალიბა.
ჟურნალისტი - შენს კარიერაში როგორც ტრავმები, ისე დიდი წარმატებები გამოგიცდია. მენტალურად ყველაზე მეტად რამ გაგზარდა?
კიტეიშვილი - ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, რთულმა პერიოდებმა გამხადა უფრო ძლიერი. ტრავმები, თუ დაბრკოლებები გაიძულებს, მოთმინება გამოიჩინო და საკუთარი თავის გჯეროდეს. ეს დრო დამეხმარა, მენტალურად უფრო სტაბილური გავმხდარიყავი და მოვლენები უკეთ შემეფასებინა.
ჟურნალისტი - შტურმში“ უკვე ბევრი ეტაპი გაიარე და როგორ აღიქვამ გუნდის შიგნით მიმდინარე ამჟამინდელ გარდაქმნას?
კიტეიშვილი - ამ გარდაქმნას ნამდვილად პოზიტიურად ვუყურებ. მოდის ბევრი ახალგაზრდა, მონდომებული მოთამაშე, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ. რა თქმა უნდა, ასეთ პერიოდს დრო სჭირდება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ რაღაც ძალიან კარგი ყალიბდება.
ჟურნალისტი - შენი გადმოსახედიდან, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ასეთ ეტაპზე, როდესაც ბევრი რამ თავიდან უნდა აეწყოს?
კიტეიშვილი - ყველაზე დიდი გამოწვევაა, მოედანზე სწრაფად ჩამოყალიბდეს საერთო იდეა და კარგი ურთიერთგაგება. თითოეულმა საკუთარი როლი უნდა იპოვოს და ამავდროულად, როგორც ერთმა მთლიანმა გუნდმა, ისე იფუნქციონიროს.
ჟურნალისტი - დაგეხმარა თუ არა ცვლილებებთან დაკავშირებული შენი პირადი გამოცდილება, რომ ეს გარდაქმნა უკეთ შეგეფასებინა?
კიტეიშვილი - რა თქმა უნდა. ბოლო წლებში ბევრი ცვლილება გამოვიარე და ვიცი, რომ ასეთი ეტაპები სრულიად ნორმალურია. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და საკუთარ თავზე მუშაობა განაგრძო.

ჟურნალისტი - გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. როგორ აღიქვამ ამ თაობას და რა გამოარჩევს მას?
კიტეიშვილი - ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი ენერგია, სისწრაფე და თავდაჯერებულობა მოაქვთ. მათ არ ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც გუნდის განვითარებისთვის.
ჟურნალისტი - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გუნდი კვირიდან კვირამდე უფრო მეტად შეკრული ხდება – იზიარებ ამ შთაბეჭდილებას?
კიტეიშვილი - დიახ, აბსოლუტურად. ეტყობა, რომ სათამაშო პროცესები უმჯობესდება და ერთმანეთს სულ უფრო უკეთ ვუგებთ. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ.
ჟურნალისტი - სად ხედავ ამჟამად ამ გუნდის ყველაზე დიდ პოტენციალს?
კიტეიშვილი - ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს, როგორც გუნდის განვითარებაში. თუ მოვახერხებთ, სტაბილურად მაღალ დონეზე ვითამაშოთ და მოედანზე ჩვენი ხარისხი ერთობლივად წარმოვაჩინოთ, ძალიან ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი.
ჟურნალისტი - მოედნის მიღმა რა გაძლევს ამჟამად ძალას და რა გეხმარება გონების განტვირთვაში?
კიტეიშვილი - უპირველეს ყოვლისა, ოჯახთან და მეგობრებთან გატარებული დრო მაძლევს დიდ ძალას. ეს მეხმარება დასვენებაში და ახალი ენერგიით ავსებაში.
ჟურნალისტი - და დასასრულს: რა სურვილები გაქვს ცხოვრების ახალი წლისთვის – როგორც სპორტული, ისე პირადი კუთხით?
კიტეიშვილი - ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ჯანმრთელობაა – ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. სპორტული კუთხით კი ვისურვებდი, რომ როგორც გუნდი, წარმატებულები ვიყოთ და ჩვენს მიზნებს ერთად მივაღწიოთ!
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს დღეს 30 წელი შეუსრულდა. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც ჩვენმა გუნდმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელის ნაკრებთან უნდა გამართოს.