ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კაპიტნის სამკლავური დიდი პასუხისმგებლობაა“ | ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალმა კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნები“ მომდევნო შეხვედრას ისრაელის წინააღმდეგ გამართავენ და „კვარამ“ კაპიტნის სამკლავურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალება მივუსამძიმრო. პირადად მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი სითბო და სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა.

ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მსაჯებთან ურთიერთობისას რამე პრობლემა მაქვს. შესაძლოა, ხანდახან ემოციებს გამოვხატავ, მაგრამ თამაშის შემდეგ არის ხოლმე ეპიზოდები, როდესაც მივდივარ და ემოციების გამო ბოდიშს ვიხდი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ემოციებს მსგავსად გამოხატავს, მაგრამ როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, უფრო მეტი მოვალეობა გაქვს, რომ სხვანაირად ელაპარაკო მსაჯებს და ეს ასეც იქნება. იმედი მაქვს, რომ მაგ ასპექტშიც სამაგალითო ვიქნები და თუ ფიქრობთ, რომ ამას არასწორად ვაკეთებ, იმედი მაქვს, ყველაფერს გამოვასწორებ.

რაც შეეხება მატჩებს, ორივე გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ორივე თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ორივე შეხვედრაში დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.

კაპიტნის სამკლავურით თამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას კაპიტნობის ქვეშ თამაში მომიწია, მაგრამ შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითად ვიქცე როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამომივა, როგორც თქვენ და მე ვფიქრობთ. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვგეგმავ.

2026 წლისთვის მზადებას ხვალიდან ვიწყებთ — სექტემბრისა და ნოემბრის თამაშებისთვის. ერთა ლიგა 2026 წელს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და ისეთ დეტალებზე ვმუშაობთ, რომლებიც ამ მატჩებში გამოგვადგება. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი წარმატებული შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი მარტში ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ისრაელთან 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ლიეტუვასთან შეხვედრა, ეს თამაში 29 მარტს, თბილისის დროით, 17:00-ზე არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
დავითაშვილის ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები