"ვილა და ყაზაიშვილი დაცვისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენენ"
დღეს ღამით, თბილისის დროით 04:00 საათზე MLS-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართება, რომელთაგან დიდ ინტერესს ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსესა" დავიდ ვილას "ნიუ იორკ სიტის" შორის დაპირისპირება იწვევს.
"სან ხოსეს" ოფიციალურმა facebook-ისა და twitter-ის გვერდმა მატჩის წინ სამოტივაციო ვიდეო გაავრცელა, სადაც ვილასა და ვაკოს გამორჩეული მომენტებია შესული.
შეხვედრის წინ, ყაზაიშვილისა და ვილას ერთ პოსტერზე ყოფნა რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრებისთვის საამაყო ამბავია.

ხსენებულ ვიდეოს ასეთი შესავალი აქვს: "დავიდ ვილა და ვაკო ყაზაიშვილი, გუნდის საუკეთესო შემტევები. ისინი აკვირდებიან და დაცვისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენენ".
MLS-ი ახლახანს დაიწყო და გუნდებს ჯერჯერობით არათანაბარი მატჩები აქვთ ჩატარებული. "ნიუ იორკ სიტის" ანგარიშზე ამ წუთისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება და 1 ფრეა. ვილას გუნდი "კლამბუსთან" ერთად 10-10 ქულით პირველ ადგილს ინაწილებს.

რაც შეეხება ყაზაიშვილის "სან ხოსეს", დასავლეთ კონფერენციაში მათ მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარეს - 1 მოგება და 1 მარცხი. შედეგად, 3 ქულა და მე-15 პოზიცია.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილა "ნიუ იორკში" 2014 წელს გადაბარგდა. მის ანგარიშზე 101 მატჩში 66 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემაა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი "სან ხოსეს" ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. ვაკოს ანგარიშზე უკვე 17 მატჩია, რომელშიც მან თავი 7 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ასევე იხილეთ, "ქედი მოიხარეთ ყაზაიშვილის წინაშე"! "სან ხოსე" ვაკოს გოლს გამოეხმაურა.