ანზორ კიღურაძე: “ძალიან რთული ჩემპიონატი გველოდება“
Crystalbet ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული სპაერი შესანიშნავად გამოიყურება და 3 მატჩიდან ორი გამარჯვებით დაასრულა.
სპაერის მთავარი მწვრთნელი, ანზორ კიღურაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ტაიმაუტში იმყოფებოდა და კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
კიღურაძე:
„ჩვენ და ტყიბულის „მეშახტე“ რესურსით და ბოლო პერიოდის ისტორიით ერთმანეთს ვგავართ. მოვახერხეთ და დაბალი საფეხურიდან ეროვნულ ლიგაში გადავედით. ლადო ბურდულმა უდიდესი სამუშაო გასწია და დღეს ორივე ეროვნულ ლიგაში ვართ.
ბიჭებს ვეუბნებოდი – მოდით, ჯერ საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ადგილი ეროვნულ ლიგაშია მეთქი. დღეს ვთამაშობთ უკეთეს მინდვრებზე, უკეთესი გუნდების წინააღმდეგ და ვვითარდებით.
ძალიან რთული ჩემპიონატი გველოდება. ჯერ სამი ტური გაიმართა და ჩვენთვის კარგად დაიწყო, აქედან დასკვნების გამოტანა ძალიან ნაადრევია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეროვნულ ლიგაში წელს დაწინაურებულმა სამივე გუნდმა – „სპაერმა“, „რუსთავმა“ და „მეშახტემ“ ჩემპიონატს თავისი ხიბლი შესძინა“.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, სპაერი Crystalbet ეროვნულ ლიგას 6 ქულით ლიდერობს, თუმცა კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებულ. შემდეგ ტურში, კიღურაძის გუნდი სამგურალს უმასპინძლებს, რომელიც 5 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.