ოთხი საგოლე მოქმედება - ბეგლარიშვილის სუპერმატჩი
ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში ზაქარია ბეგლარიშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „ნომემ“ საკუთარ სტადიონზე „პარნუ“ დიდი ანგარიშით, 7:1 დაამარცხა, შვიდიდან ოთხ გოლში კი 35 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უშუალო მონაწილეობა მიიღო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
მე-8 წუთზე ბეგლარიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ კი უკვე თანაგუნდელების პასებით მომარაგებაზე გადაერთო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ბოლო ორი ასისტი გახლდათ, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზე გუნდელები, გრძელი და უზუსტესი გადაცემებით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში ზაქარია ბეგლარიშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შალვა ბურჯანაძე თამაშობს, რომელიც „ნარვას“ ღირსებას იცავს.