ფინალისიმა: ორი მატჩი ერთის ნაცვლად? არგენტინელთა ინიციატივა
ფინალისიმას ჩატარების ადგილი, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინასა და ესპანეთს შორის მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა გამართულიყო. თამაში 27 მარტს დოჰაში იყო დაგეგმილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო მისი გადატანა გადაწყდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არგენტინის ნაკრებმა მადრიდში თამაშზე უარი თქვა.
TNT Sports-ის ჟურნალისტის, კრისტიან კამინოს ინფორმაციით, არგენტინის ნაკრები ესპანეთთან ორმატჩიანი დაპირისპირების შესაძლებლობას განიხილავს: პირველი - „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ხოლო მეორე - ბუენოს-აირესში, „მონუმენტალზე“.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) პოტენციურ მასპინძლებად ასევე ლისაბონსა და ლონდონს სთავაზობს.
TyC Sports-ის ცნობით, AFA-ს პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია და მისი კოლეგა კონმებოლიდან, ალეხანდრო დომინგესი ბუენოს-აირესში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა დაედასტურებინათ უარი ესპანეთში ერთი მატჩის ჩატარებაზე. პარასკევს ნაშუადღევს უეფას ევროპაში რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს: პორტუგალიაში, ინგლისში ან იტალიაში. საბოლოო გადაწყვეტილება შაბათს უნდა გამოცხადდეს.
AFA-ს უკმაყოფილება „სანტიაგო ბერნაბეუს“ იდეასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ ესპანეთის ნაკრები მასპინძელ გუნდად ჩაითვლებოდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, რომელიც ამ ტურნირის საორგანიზაციო უფლებებს ფლობს, შეხვედრა გამართა „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და მატჩის ჩატარებაზე კონმებოლთან ან არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე შეთანხმდა.