ფრე ბოლოადგილოსანთან - ფროზინონემ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
იტალიის სერია B-ს 28-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ აუტსაიდერ „პესკარას“ უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრა მოულოდნელი სცენარით დაიწყო. ბოლოადგილოსანმა „პესკარამ“ მე-2 წუთზე ანტონიო დი ნარდოს გოლით ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე კი დი ნარდომ დუბლი შეასრულა და მის გუნდს ტაიმი 2:0 მოაგებინა.
მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა 85-ე წუთამდე გოლის გატანა ვერ შეძლეს. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ჯანლუკა ჩალომ პენალტი გაიტანა, სტუმრები კი ათი კაცით დარჩნენ. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი ანტონიო რაიმონდომ წონასწორობა აღადგინა. ბოლოსკენ მოგებაც შეეძლოთ, თუმცა სასწაულებრივი „ქამბექი“ არ შედგა.
რაც შეეხება კვერნაძეს, ქართველი შემტევი სასტარტოში იმყოფებოდა და 77-ე წუთზე შეცვალეს. კვერნაძეს ამჯერად საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა აქტიური იყო და ორთაბრძოლებში თავს არ ზოგავდა.
„ფროზინონემ“ უკვე მიჯრით სამი ფრე ითამაშა და უკვე 6 ქულა დაკარგა. სატურნირო ცხრილში კვერნაძის გუნდი 55 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და სერია A-ს საპლეიფო ზონაშია. პირველ ორ პირდაპირ გადამსვლელ ადგილთან ჩამორჩენა 5 ქულას შეადგენს.
მომდევნო ტურში „ფროზინონეს“ მეტოქე გენუის „სამპდორია“ იქნება. კვერნაძის გუნდი შეხვედრა კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავს. მატჩი 8 მარტს 18:00-ზე დაიწყება.