“ჩემს სახლში დავბრუნდი“ - სანდრო კალანდაძე თბილისის დინამოს ფეხბურთელია
თბილისის დინამოში საკმაოდ სასიამოვნო სიახლეა. სანდრო კალანდაძემ ვისლა დატოვა და კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
დაბრუნების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:
„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს სახლში დავბრუნდი. ვეცდები, რომ გუნდს დავეხმარო და ჩემპიონატში მიზნებს მივაღწიოთ. დინამო ყოველთვის უნდა იბრძოდეს და იბრძვის კიდევაც ტიტულებისთვის. წელს, როგორც აღმოჩნდა, 3 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს.
პირველი სუპერ თასი იქნება და მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და სუპერ თასის მოგებით დავიწყებთ. შემდეგ ამ ყველაფერს კარგად ჩავამთავრებთ. რაც შეეხება გუნდს, მართალია ყველას ვიცნობ და არიან ახალი ფეხბურთელებიც, მაგრამ მე ვფიქრობ და ვგრძნობ ამას, რომ ჩვენ კარგი შედეგის დადება შეგვიძლია.
რაც შეეხება ნაკრებს, ჩემი გზა დინამოდან დაიწყო. ასაკობრივიდან დაწყებული, ეროვნულით დამთავრებული. რაც არ ცუდად ჟღერდეს ვიღაც-ვიღაცებისთვის, დინამოდან უნდა ირჩეოდეს ფეხბურთელები, რადგან დინამო არის და ყოველთვის იქნება საქართველოს ფეხბურთის ფლაგმანი. მე მჯერა და იმის მოტივაციაც მაქვს, რომ ჯერ აქ გამოვიჩინო თავი და შემდეგ მომეცეს შანსი და დავბრუნდე ეროვნულ ნაკრებში.“
ცნობისთვის, სანდრო კალანდაძემ პოლონურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და კონტრაქტი გაწყვიტა. სანდრო პლოცკს გასულ ზაფხულში შეუერთდა და დღემდე მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და უთანხმოების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.