„მჯერა, რომ საჭირო გოლებსაც გაიტანს, მაგრამ...“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედ სტილმა, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება და მალე გუნდისთვის კიდევ უფრო პროდუქტიული გახდება, თუმცა გიორგი „უოტფორდისთვის“ ამ ეტაპზეც ძალიან სასარგებლო მოთამაშეა.
ედ სტილის კომენტარს Watford Observer-ი ავრცელებს:
„ჩაკვეტაძის სათამაშო კომპონენტების ერთობლიობა ძალიან პოზიტიურია. რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ სეზონის ბოლომდე თავის თამაშს გოლებსაც შემატებს, მაგრამ ამის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს. ვფიქრობ, გოლის გატანის საკმარისი რესურსი გვაქვს მოედნის ყველა მონაკვეთზე – როგორც თავდამსხმელების, ისე ცენტრალური მცველების მხრიდან. მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ჩაკვეტაძე გაიტანს იმ გოლებს, რომლებიც ასე გვჭირდება, თუმცა მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვდება საჭირო პოზიციებზე, საიდანაც მომენტების შექმნა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გუნდისთვის შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის ბოლო ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „დერბის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. ამ მატჩში მონაწილეობა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო: საბა გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ედ სტილმა იგი 86-ე წუთზე შეცვალა, გიორგი ჩაკვეტაძე კი თამაშში 23-ე წუთიდან, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე, ჯერჯერობით, ერთი საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, მან ჩემპიონშიფში გადასვლის შემდეგ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
33 ტურის შემდეგ, „უოტფორდს“ სატურნირო ცხრილში 48 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „იფსვიჩის“ წინააღმდეგ გამართავს.